შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვადასხვა საჭიროების 200-მდე პაციენტს მოემსახურნენ. ამ თემაზე მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტების მიღება და მკურნალობა ჩვენ ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ამ საგანგებოს დროს და ახლა 400-ზე მეტი ადამიანია, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და სხვადასხვა საჭიროების 200-მდე პაციენტს მოვემსახურეთ", — თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრმა თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა, ხოლო მათი ნაწილი საკარანტინო სივრცეებში დაკვირვების ქვეშ არიან.

ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდისას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხაზზე იყო აფხაზ ექიმებთან და უზიარებდა პროტოკოლს. მისივე თქმით სხვადასხვაა არაფორმალური არხებით და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ოკუპირებულ რეგიონებში დახმარება ჩაჰქონდათ.