ელექტრო სკუტერების გაზიარების ახალი სერვისი პირველად თბილისში, აპრილის ბოლოს გამოჩნდა და მისი გამოყენებით თბილისელებმა დღემდე ჯამში 253,639 კილომეტრი გაიარეს, რითაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO₂) ემისია პოტენციურად დაახლოებით 16 ტონით შემცირდა.

დღეიდან კი ახალი, ეკომეგობრული სკუტერის გაზიარების სერვისით სარგებლობა ბათუმშიც შეგიძლიათ. სქროლი ბათუმის ძირითად ლოკაციებს მოიცავს — აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან თევზის ბაზრამდე. სქროლით სარგებლობა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზეც შესაძლებელია, თუმცა ამ ლოკაციაზე შეზღუდული სიჩქარის ზონა მოქმედებს და აკრძალულია სკუტერის პარკირება. ბათუმში დაახლოებით 500-მდე სკუტერი იმოძრავებს, თუმცა ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება.

ბათუმში სქროლის სკუტერებით სარგებლობა დილის 7 საათიდან ღამის 2 საათამდე შეგეძლებათ. ელექტრო სკუტერს ერთი დატენვით 40 კმ-ის დაფარვა შეუძლია, რაც მას ქალაქში გადაადგილებისთვის შესანიშნავ საშუალებად აქცევს.

სქროლის განვითარება აქტიურად გრძელდება და ეს სერვისის აპლიკაციაზეც აისახა, რომელშიც ორი ახალი და ძალიან საინტერესო ფუნქცია გამოჩნდა:

  • Keyless სტარტი — ფუნქცია, რომლის გამოყენებითაც ადამიანებს სკუტერით მგზავრობის დაწყებისთვის აღარ დასჭირდებათ QR კოდის დასკანირება.
  • Pre-Load (ავტო ბალანსი) — პირობითად, თუ თქვენ არჩეული გაქვთ მგზავრობის გარკვეული (5, 10 ან 20-ლარიანი) ტარიფი, ეს თანხა ავტომატურად გიჯდებათ აპლიკაციის ბალანსზე. თუმცა, მისი გახარჯვის შემდეგ, თუ მომხმარებელს ჩართული ექნება ავტო განახლების ფუნქცია, მაშინ თანხა ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოეჭრება და გადმოვა აპლიკაციის ბალანსზე ისე, რომ სკუტერი აღარ გაჩერდება და ტარიფის თავიდან არჩევა აღარ იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ სკუტერების გამოსაყენებლად პირველ რიგში აპლიკაცია Bird უნდა დააყენოთ, რომელსაც Play Store-ზე და App Store-ზე იპოვით.