იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ მგზავრი პირბადეს არ ატარებს, ამისათვის ტაქსის მძღოლი არ დაჯარიმდება. მისივე თქმით, დარღვევის შემთხვევაში, ორივე ინდივიდუალურად, 20 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა დღეს, 10 მაისის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განმარტა:

"ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, ტაქსის მძღოლს ხომ არ მოეხდინა ადმინისტრირება. მაგალითად, არ გაუჩეროს მანქანა, გააჩეროს, ჩამოსვას [მგზავრი]. ეს ძალიან გაჭირდება, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, რომ ეს ფუნქცია შეითავსოს. ამის აღსრულება მხოლოდ შსს-ს მოუწევს".

კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.

გარდა ამისა, პროექტში გაწერილია ისიც, რომ ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.