აშშ-ში, ვირჯინიას შტატში დემონსტრანტებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და ტბაში გადააგდეს. აშშ-სა და ევროპის მასშტაბით დემონსტრანტები იმ პირების ძეგლებს ხსნიან, რომლებსაც რასიზმსა და კოლონიალიზმში ადანაშაულებენ.

რიჩმონდში კოლუმბის ძეგლი 1927 წელს აღიმართა. მისი ჩამოგდება კი უკავშირდება საყოველთაო აქციებს, რომელიც დაკავების დროს აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ეხება.

The Guardian-ისნ ინფორმაციით, ვირჯინიას შტატის ქალაქ რიჩმონდში კოლუმბის ძეგლი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ბირდის პარკში აქციის მონაწილეებმა მისი მოშორება მოითხოვეს.

ძეგლის ჩამოხსნის დროს დემონსტრანტებმა თოკები გამოიყენეს, მანამდე კი ძეგლს წარწერა გაუკეთეს "კოლუმბი გენოციდის სახეა". ჩამოხსნის შემდეგ ძეგლს ცეცხლი წაუკიდეს და პარკში მდებარე ტბაში გადააგდეს.

აშშ-ს მასშტაბით კოლუმბის რამდენიმე ძეგლი არსებობს, რითიც პატივს მიაგებდნენ მის მიერ ამერიკის აღმოჩენას, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა მოსაზრებები მე-15 საუკუნეში მის თანამონაწილეობაზე ადგილობრივი მკვიდრების მკვლელობებში, გატაცებებსა და ყაჩაღობაში.