ათწლეულების განმავლობაში აშშ რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციას აკრიტიკებდა, თუმცა მოსკოვს ახლა რევანშის აღების საშუალება მიეცა.

კრემლის მხარდაჭერილმა ჩეჩნეთის ლიდერმა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა უკანონო და მწამებლურ მკვლელობებზე პასუხისმგებელი სასტიკი მოძალადე უწოდა, განაცხადა, რომ იგი "შეძრწუნებული" იყო ამერიკული პოლიციის სისასტიკით.

ამის გაგრძელება იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც აშშ-ში არსებულ მდგომარეობას "ნამდვილი ტრაგედია, ამერიკული ტრაგედია" უწოდა და ვაშინგტონს ურჩია, გამუდმებით რუსეთის ბრალეულობების ძიების ნაცვლად, საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაეცვა.

"ძარცვის და სხვა უკანონო ქმედებების აღკვეთით, ხელისუფლებამ ამერიკელებს მშვიდობიანი პროტესტის უფლება არ უნდა შეუზღუდოს", — განაცხადა ხუთშაბათს მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მანამდე სატელევიზიო შოუში მონაწილეობისას ზახაროვამ თქვა, რომ ამ ქაოსის გამო შეერთებულ შტატებს "მომდევნო წლებში, უბრალოდ, არანაირი კითხვა არ შეიძლება, რომ ჰქონდეს სხვების მიმართ".

გადაცემის წამყვანმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა კი აღნიშნა, რომ რუსეთმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი უნდა მიაგოს და ამერიკელი სახელმწიფო მოხელეების სახელები ადამიანის უფლებების დარღვევისათვის შავ სიაში უნდა შეიტანოს. ანალოგიურად მოიქცა აშშ, როდესაც წარმოშობით ამერიკელი ფინანსისტის, უილიამ ფ. ბრაუდერის, გადასახადების დამალვაში ბრალდებული ადვოკატი — სერგეი ლ. მაგნიცკი — 2009 წელს მოსკოვის საპატიმროში გარდაიცვალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს "ნამდვილი ტრაგედია, ამერიკული ტრაგედია" უწოდა და ვაშინგტონს ურჩია, გამუდმებით რუსეთის ბრალეულობების ძიების ნაცვლად, საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაეცვა.

ფოტო: Sergey Ponomarev / The New York Times

სანკტ-პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ექსპერტის, ივან კურილას თქმით, რუსეთის ხელისუფლება "ტკბება" იმ შესაძლებლობით, რომელიც შეერთებულ შტატებში არსებული არეულობით მიეცა და შესანიშნავად იყენებს მას საკუთარი პროპაგანდისტული შეტყობინებების გასავრცელებლად.

კურილა ამბობს, რომ ამერიკის ქუჩებში საპროტესტო გამოსვლებმა და ზოგჯერ სამართალდამცავი ორგანოების გადამეტებულად აგრესიულმა ქმედებამ, კრემლის ორი მნიშვნელოვანი მიზანი განახორციელა.

პირველი — ეს არის რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მისამართით წამოსული კრიტიკისათვის მიმართულების შეცვლა.

მეორე — ალმოდებული შენობების და ძარცვის ვიდეოებით კრემლის რჩეული შეტყობინების გაგზავნა გახდა შესაძლებელი: საპროტესტო გამოსვლები, თუნდაც თავდაპირველად მშვიდობიანი ხასიათის იყოს, ყოველთვის ძალადობაში გადაზრდის რისკის შემცველია და ამდენად, საჭიროა, ნაპერწკლის გაღვივებისთანავე ჩაეხშოს — როგორც ეს მოსკოვში მოხდა გასული წლის ზაფხულში, როცა რუსეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა პუტინის მოწინააღმდეგეების მშვიდობიანი გამოსვლა.

პოლიციის ოფიცრები 2019 წელს მოსკოვში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე ადამიანს აკავებენ.

ფოტო: Alexander Zemlianichenko / Associated Press

"კრემლის კრედო ისაა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლა ყოველთვის უწესრიგობასა და არეულობაში იზრდება. მათ სურთ, ყველა მშვიდობიანი მომიტინგე კრიმინალად წარმოაჩინონ. ამიტომაც იყენებენ აშშ-ში შექმნილ სურათს", — ამბობს კურილა და რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფ მედიის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მიანიშნებს, რომელიც დიდ დროს უთმობს შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გაშუქებას.

სატელევიზიო ეთერში ასევე ხშირად ხვდება მინეაპოლისის შტატში პოლიციის ხელით ფლოიდის სასტიკი მკვლელობის ვიდეო.

მარკ გალოტი, რომელიც რუსეთის უშიშროების სერვისების ექსპერტია, თვალს ადევნებს რუსი სამართალდამცავების ტელეგრამის არხებს. მისი სიტყვებით, ისინი "სავსეა ამერიკული პოლიციის ქმედებებზე უარყოფითი შეფასებებით".

იგი დასძენს, რომ რუსი პოლიციის ოფიცრები ანტიპათიას რასიზმის მიმართ კი არ გამოხატავენ, არამედ "შოკირებულნი არიან სისასტიკით, რომელიც საჭიროების და აუცილებლობის საზღვარს სცდება".

ფლოიდის მკვლელობის და პოლიციის აგრესიის კადრები მშვიდობიან ამერიკელ მომიტინგეებს მიემართება, ხოლო ჟურნალისტებს, განსაკუთრებით არათეთრკანიანებს, შესაძლებლობა მიეცათ, რუსეთის მიერ აშშ-ის კრიტიკის ძველთაძველი ტრადიცია გაეცოცხლებინათ, რომელიც საბჭოთა კავშირის ადრეული დღეებიდან იღებს სათავეს.

ამერიკული რასიზმის კრიტიკა საბჭოთა პროპაგანდის იმდენად მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, რომ ფრაზა "თქვენ ზანგებს ახრჩობთ" ფართოდ გამოიყენებოდა ტოტალიტარულ სახელმწიფოში, როგორც საკადრისი პასუხი "რკინის ფარდის" მიღმა მყოფთა მტკიცებაზე, რომ ისინი მორალურად უფრო მაღლა იდგნენ.

რიჩარდ რაითი, ავტორი წიგნისა მშობლიური ვაჟი, 1933 წელს აშშ-ში მოსკოვის დაფინანსებულ კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. მას სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი რასიზმის აღმოსაფხვრელად იღწვოდა. პარტიის რიგები მან მაშინ დატოვა, როცა თეთრკანიანმა წევრებმა მისი წარმომავლობის აღმოჩენის შემდეგ საცხოვრებლის შეთავაზება გაუუქმეს.

"შეძრწუნებული ვადევნებ თვალს აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ხელისუფლება ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებებს უხეშად არღვევს. პოლიციის ოფიცრები პირდაპირ ლინჩის წესით უსწორდებიან ადამიანებს ამერიკის ქუჩებში", — განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რომელმაც გეებზე "ნადირობა" სახელმწიფოს პოლიტიკად აქცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ზახაროვა ირწმუნება, რომ "არ უხარია" აშშ-ში არსებული არეულობა, თუმცა ვაშინგტონს მაინც აკრიტიკებს.

"ამ [ადამიანის უფლებების დაცვის] მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების რომელ ლიდერობაზე ვსაუბრობთ? მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ვნახეთ — რაც პოლიციამ ჩაიდინა და რაც ჟურნალისტებთან მიმართებაში გააკეთეს".

თეთრი სახლის წინ მოწყობილი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა მწყობრი სამართალდამცავებთან.

ფოტო: Erin Schaff / The New York Times

მართალია კრემლი იმედგაცრუებელია, რომ ტრამპმა პირობა "რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე" არ შეასრულა, სახელმწიფო გავლენის ქვეშ მყოფი რუსული მედია მაინც თავს არიდებს კრიზისთან გამკლავების მისეული სტრატეგიის კრიტიკას. კრემლის მიერ კონტროლირებული მედია უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ტრამპის მოთხოვნაზე, "დაიმორჩილონ" პროტესტის მონაწილეები.

თუმცა გამონაკლისებიც არსებობს — სახელმწიფო გაზეთმა Rossiyskaya Gazeta დასცინა ტრამპს და მხდალად წარმოაჩინა სტატიის სათაურში: "ვაშინგტონში უწესრიგობის დროს ტრამპი თავშესაფარში იმალება".

რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი მედია ამერიკულ რასიზმს ღიად გმობს, თუმცა ამასთანავე გამოხატავს სიმპათიას აქციის აგრესიულად დაშლის მიმართ.

ერთ-ერთი სატელევიზიო ახალი ამბების არხი, Rossiya-24, იმასაც კი აცხადებს, რომ ამერიკელი ოფიცრები არეულობას წინ რუსეთის მაგალითით აღუდგნენ. მათ აჩვენეს ვიდეო, სადაც დაკუნთულ ამერიკელ პოლიციელს მხარზე ტატუ აქვს — კირილიცაზე დაწერილი "Rossiya!"

პოლიციის მიმართ გამოხატულმა სიმპათიამ ზოგჯერ ზღვარგადასული სახე მიიღო.

მარგარიტა სიმონიანმა, RT-ის (რუსეთის ხელისუფლების დაფინანსებული სატელევიზიო მედია, რომელიც უცხოურენოვან აუდიტორიაზეა გათვლილი) მთავარმა რედაქტორმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა ღიად რასისტული შეტყობინება, რომ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ნარკომანები და კრიმინალები არიან.

შეტყობინება ნაწილობრივ სარკასტულია და თითქოს "მინესოტელი შავკანიანების" მხარდაჭერას ისახავს მიზნად. იგი პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, უკრაინელების ტაქტიკა გაიმეორონ, რომლებიც 2014 წელს "ვაშინგტონის მხარდაჭერით ქუჩებში გამოვიდნენ პრო-რუსი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით".

"წარმატებები, მეგობრებო", — წერია შეტყობინებაში, — "ყველა პროგრესული ადამიანი თქვენთანაა. მანამდე სცემეთ თეთრებს, სანამ შავები არ გახდებიან!"

რუსეთში ყველაზე დიდი გაღიზიანება პრეზიდენტ ობამას ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, სიუზან რაისის განცხადებამ გამოიწვია, შესაძლოა, არეულობაში რუსეთის ხელი ერიოს. კვირის დასაწყისში, CNN-თან ინტერვიუში, რაისმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მტკიცებულებების არქონისა, მისი გამოცდილებიდან შეუძლია, თქვას, რომ "ამ სცენარს პირდაპირ რუსული ხელწერა აქვს".

ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება და დაცინვაც კი მოჰყვა, მათ შორის პროდასავლელი ლიბერალების მხრიდან. მათი თქმით, ნებისმიერი საშინაო პრობლემის გარე ძალისთვის დაბრალება საბჭოთა კავშირის ტაქტიკაა.

ფლოიდის ამბავსა და მის თანმდევ მოვლენებს უამრავი წახნაგი აქვს, თუმცა ერთი რამ ცხადია: რუსმა პოლიტიკოსებმა აშშ-ში არსებული არეულობა საკუთარი პროპაგანდისტული მესიჯების კიდევ ერთხელ გასავრცელებლად გამოიყენეს.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.