ჩინეთის მთავრობამ ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში ფართოდ გამოყენებული პანგოლინის ქერცლი კანონით დაშვებული ინგრედიენტების სიიდან ამოიღო. ამ გადაწყვეტილებით, ჩინური პანგოლინი "უმაღლესი დაცვის მქონე გარეული ცხოველის" სტატუსს მიიღებს, რომლითაც პანდები და ვეფხვები სარგებლობენ.

პანგოლინი ძუძუმწოვართა შორის ყველაზე ხშირად ხდება უკანონო ვაჭრობის მსხვერპლი. ეს კატის ხელა ცხოველი აზიაში ხორცისა და ქერცლის გამო ფასობს. მხოლოდ გასულ წელს ცხოველთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციებმა პანგოლინთან დაკავშირებულ 130 ტონა პროდუქტს მიაკვლიეს, რაც, დაახლოებით, 400 ათას ცხოველს უდრის.

პანგოლინის აზიასა და აფრიკაში არსებული რვა სახეობიდან სამი — მათ შორის, ჩინური პანგოლინი — გადაშენების კრიტიკულ ზღვართანაა. დანარჩენი ხუთი კი გადაშენების საფრთხის წინაშეა.

პანგოლინის ქერცლი კერატინისგან, ანუ იმავე ნივთიერებისგან შედგება, რაც ადამიანის ფრჩხილებსა და მარტორქის რქაშიც მოიძებნება. ამის მიუხედავად, ტრადიციული ჩინურ მედიცინაში არსებობს რწმენა, რომ საკუთრივ ამ ცხოველის ქერცლს შეუძლია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ანთების ჩაცხრობა.

ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევათა მიხედვით, სანამ ახალი კორონავირუსი ადამიანებზე გავრცელდებოდა, მის ინკუბირებას ჩინეთის გარეულ ცხოველთა ბაზრებში გასაყიდად გამზადებულმა პანგოლინებმა შეუწყვეს ხელი.

ფოტო: Taipei Zoo

დიუკის უნივერსიტეტისა და ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევრების მიხედვით, ადამიანებზე გადასვლამდე Sars-Cov-2 აინფიცირებდა ღამურებს, პანგოლინებს და, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ჩვენთვის უცნობ სახეობას, ამ პროცესში ის განმეორებით ცვლიდა გენებს სხვა შტამებთან. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მართალია, ჯერ კიდევ ნაადრევია პანგოლინების პანდემიის გამოწვევაში დადანაშაულება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ადამიანებმა იმ გარეულ ცხოველებთან კონტაქტი უნდა შეამცირონ, რომელთაც ახალი ინფექციების გადადება შეუძლიათ.

COVID-19-ის გავრცელების შემდეგ ჩინეთის მთავრობამ უკანონოდ გამოაცხადა ნებისმიერი გარეული ცხოველის საკვებად გამოყენება. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი აკრძალვები ეფექტიანი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ სახელმწიფო ახალი კანონების პრაქტიკაში დანერგვაზე სათანადოდ იზრუნებს და პარალელურად საზოგადოებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო კამპანიები მოეწყობა.

პანგოლინების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, სოფია ჩჟანი, ეჭვობს, რომ ჩინეთში ამ ცხოველების პოპულაციაზე მიყენებული ზიანი, შესაძლოა, ვეღარ გამოსწორდეს.

"პანგოლინების პოვნა ბუნებაში უკვე დიდი იშვიათობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ სახეობასთან ერთად გადაშენების პირას მყოფი სხვა სახეობებიც ამოიღონ სამედიცინო ინგრედიენტთა სიიდან", — ამბობს ის, — "არ უნდა დაველოდოთ ცხოველთა გადაშენებას, სანამ მათ დაცვაზე დავიწყებდეთ ზრუნვას, თორემ სამოქმედოდ უკვე გვიანი იქნება".

ამავე თემაზე