აბიტურიენტს, რომელსაც ეროვნულ გამოცდაზე შესვლისას ელექტრონული თერმოსკრინინგით ტემპრეტურის მომატება დაუფიქსირდება, მას საშუალება ექნება, რომ ტემპერატურა კლასიკური, ვერცხლისწყლის თერმომეტრით ადგილზევე გადაიმოწმოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ვერცხლისწყლის თერმომეტრი უფრო ზუსტია, ვიდრე დისტანციური.

როგორც გამყრელიძე ამბობს, გამოცდა გარკვეული ემოციური სტრესია და მედიცინაში დასაშვებია, რომ გარკვეული ემოციური სტრესის ფონზე ტემპერერატურის მომატება იყოს.

"ხშირად, როცა თერმოსკრინინგი ტარდება ელექტრონული, დისტანციური თერმომეტრებით, ელექტრონულ თერმომეტრებსაც აქვთ გარკვეული ზღვარი სიზუსტისა, ამიტომაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს რეკომენდაცია მიცემული, რომ თუ აბიტურიენტს გამოცდაზე შესვლისას მხოლოდ ტემპერატურა უფუქსირდება, შემდგომ მას ეძლევა დრო, რომ ჩვეულებრივი, კლასიკური ვერცხლისწყლის თერმომეტრით გადაიმოწმოს ეს ტემპერატურა. იმიტომ, რომ დისტანციური თერმომეტრით შეიძლება დაფიქსირდეს ტემპერატურა 37 ან 37,2, მაგრამ ვერცხლის თერმომეტრით, რომელიც უფრო ზუსტია, იქ აღმოჩნდეს ნორმალური ტემპერატურა. ასეთი საშუალებაც", — განაცხადა გამყრელიძემ.