თითქოს ინგლისური იცი: სკოლაში გრამატიკის საფუძვლები მეტნაკლებად გასწავლეს და თავში ჩაგიბეჭდეს, რომ Raining Cats and Dogs თავსხმა წვიმას ნიშნავს (წლების შემდეგ ძალიან გაგიკვირდა, როცა აღმოაჩინე, რომ ასე არავინ საუბრობს), მერე უნივერსიტეტი იყო და იქაც გაიარე ინგლისური რამდენიმე სემესტრის განმავლობაში, ამერიკულ სერიალებსაც ორიგინალში უყურებ და მეილითაც შეგიძლია უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი, მაგრამ საკმარისია, ვინმემ ტელეფონზე დაგირეკოს და ინგლისურად დაგიწყოს საუბარი, რომ გული გიჩქარდება, ყველაფერი გავიწყდება და ერთი სული გაქვს, როდის გათიშავ.

ნუ გეშინია, არც მარტო არ ხარ და არც გამოუსწორებელი გჭირს რაიმე. სინამდვილეში ინგლისურის პრაქტიკული გამოყენებისთვის გარკვეული ხრიკების ცოდნაა საჭირო, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი ინსტუტიტებში უბრალოდ ვერ გვასწავლიან. ამ სტატიაში მოგიყვებით ბექას სკოლაზე, რომელიც თანამედროვე მეთოდების, იუმორისა და უშუალობის სინთეზით ინგლისური ენის სწავლის პროცესს მარტივს, სახალისოს და საინტერესოს ხდის. აქ გასწავლიან იმას, რასაც წიგნებიდან ვერ ისწავლი.

რას ასწავლიან ბექას სკოლაში?

ფოტო: Beka's School

ბექა ამერიკელ მეგობართან ერთად წლების განმავლობაში ინგლისურ ენას ასწავლიდა. თანდათანობით ბევრმა ადამიანმა გაიგო მის შესახებ და მისი კურსებისადმი დაინტერესებაც გაიზარდა. სწორედ ამან უბიძგა, 2016 წელს მეგობართან ერთად სკოლა ჩამოეყალიბებინა და ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებისთვის ფერად, მეგობრულ სივრცეში გადაეცა. ასე შეიქმნა ბექას სკოლა, რომელიც თავდაპირველად ორი მასწავლებლისგან შედგებოდა, დღეს კი 25-მდე თანამშრომელს, 5000-მდე გადამზადებულ და 400-მდე მიმდინარე მოსწავლეს აერთიანებს.

ბექას სკოლა ზუსტად ისეთია, როგორიც მისი დასახელებაა: უშუალო, მარტივი და მეგობრული. ამის დასტურია სკოლის ფეისბუქ გვერდიც, სადაც ხშირად ნახავთ დღის სიტყვას, ფრაზას, ფაზლებს, სახალისო ფოტოებსა და ვიდეოებს, რომელიც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ სწავლის პროცესს.

ბექას სკოლაში გვიყვებიან, რომ მათ ქართველებზე მორგებული მეთოდოლოგია შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ გასწავლიან ინგლისურ ენას, არამედ "დაგამუღამებინებენ" კიდეც მის ყოველდღიურ გამოყენებას. გუნდი ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე და ნდობაზეა დამყარებული.

ბექას სკოლა ჩვეულებრივი გაკვეთილების გარდა, მოსწავლეებს უფასო საჯარო ლექციებს, შეხვედრებსა და წვეულებებს სთავაზობს. შეიძლება ბექას სკოლის Facebook ჯგუფის, სოციალური ლექსიკონისთვისაც მოგიკრავთ თვალი, სადაც ჯგუფის წევრები ერთმანეთს ინგლისური სიტყვებისა თუ ფრაზების თარგმნაში ეხმარებიან.

გარდა ამისა, ბექას სკოლამ 50-მდე უფასო ვიდეოგაკვეთილიც შექმნა, რომელთა საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ასწავლიან ისეთ საკითხებს, რაც ქართველებს ენის პრინციპებიდან გამომდინარე განსაკუთრებით უჭირთ.

კორონავირუსის გავრცელებისთანავე ბექას სკოლა დროებით დაიხურა. იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის განათლების გადაცემის პროცესი არ შეწყვეტილიყო, სკოლაში ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. მათ გაკვეთილები ციფრულ სივრცეში გადაიტანეს და მოსწავლეებს ერთ თვეში ოთხი ახალი მინი-კურსი შესთავაზეს.

ახალი მინი კურსების დანერგვის გარდა უკვე არსებული პოპულარული პროდუქტებიც ონლაინ გახდა ხელმისაწვდომი და სკოლამ საკლასო ოთახებიანად მთლიანად Microsoft Teams-ში "გადაინაცვლა".

სკოლა მანამდეც არაფორმალური და აკადემიური მეთოდების ერთობლიობაზე იყო დაფუძნებული და პროცესის გაციფრულება მარტივი აღმოჩნდა. ქართველ მოსწავლეებზე ადაპტირებული თანამედროვე მიდგომებით სწავლება საკლასო ოთახების გარეშეც საინტერესო გახდა, თუმცა მოსწავლეების ნაწილი სკოლის გახსნას მაინც ელოდება.

ახალმა გარემოებებმა ბექას სკოლას ინოვაციისკენ უბიძგა. ონლაინ ექსპრეს კურსები ბექას სკოლის "ცხელ-ცხელი საზაფხულო პროდუქტია". ექსპრეს კურსები 15 ივნისიდან იწყება და ინგლისური ენის უმოკლეს ვადაში სწავლებას ისახავს მიზნად.

რას ვისწავლი ონლაინ ექსპრეს კურსების დახმარებით?

ონლაინ ექსპრეს კურსი მრავალფეროვანია — ის სასწავლო საათების გარდა მოიცავს ელექტრონულ პრეზენტაციებს, ინტერაქტიულ ქვიზებს, ვიდეოებს და სხვა მასალებს, რომელთა მეშვეობით მოსწავლეებს მუდმივი კონტაქტი აქვთ მასწავლებლებთან და ჯგუფელებთან.

ბექას სკოლა სამი სახის ექსპრეს კურსს გთავაზობთ, ესაა სასაუბრო ინგლისურის კურსი, გრამატიკის კურსი და კურსი დამწყებთათვის, რომელთა ხანგრძლივობა 8 კვირაა, კვირაში კი 3 გაკვეთილი ტარდება. თითოეული 80 წუთის განმავლობაში გრძელდება. ექსპრეს კურსით სწავლის 5 უპირატესობაზე ადრე უკვე გესაუბრეთ, ახლა კი უშუალოდ ამ კურსების დეტალებზე მოგიყვებით:

Express Speaking Online

ესაა სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს ონლაინ კურსი, სადაც ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი მასწავლებლები უსწრაფესად აგალაპარაკებენ ინგლისურად. კურსი გრამატიკით და საშინაო დავალებით მინიმალურად არის დატვირთული და ორთვიანი კურსის ფასი 380 ლარია.

Express Grammar Online

გრამატიკა ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის გარეშეც ყველა მიხვდება, რომ ენა საფუძვლიანად არ იცით. ამიტომ ამ ონლაინ ექსპრეს კურსით საბაზისო გრამატიკულ წესებს სწრაფად და ეფექტიანად ისწავლით, რის შემდეგაც წინადადების გამართულად აწყობა აღარ გაგიჭირდებათ. კურსს ბექა და სხვა ქართველი მასწავლებლები უძღვებიან. ორთვიანი კურსის ფასი 300 ლარია.

Express Elementary Online

თუკი ენის პრაქტიკული უნარების გამომუშავების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამთ, ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა. ეს კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტი რაც შეიძლება მალე "გაუშინაურდეს" ინგლისურ ენას. ამ კურსს ქართველი მასწავლებლები უძღვებიან. ორთვიანი კურსის ფასი კი 340 ლარია.

თუკი ჯერ კიდევ არ იცით, რა დონეზე ფლობთ ენას, ამაში ბექას სკოლის ინგლისურის დონის დასადგენი უფასო ტესტი დაგეხმარებათ, კურსებზე დასარეგისტრირებლად კი მიჰყევით ამ ბმულს.

ასე რომ, ამიერიდან დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მარტივად, იუმორით, ხალისით შეგიძლიათ უცხო ენა სწრაფად ისწავლოთ და სამომავლო გამოწვევებს ახალი უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი შეხვდეთ. ამ ყველაფერზე კი ბექა და მისი ქართველი თუ უცხოელი კოლეგები იზრუნებენ.

სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.