საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 29 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ე.წ. ლარიზაციის გეგმა დააანონსა, რაც გულისხმობს ქვეყანაში ლარზე მოთხოვნის გაზრდას, დოლარზე კი – შემცირებას. სწორედ ამ გეგმის ნაწილია დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანა, რის შემდეგაც კურსის ცვლილებას ბანკებს ბიუჯეტიდან აუნაზღაურებენ. მთავრობა ამ და სხვა საშუალებებით ფიქრობს ლარის გაუფასურების შეჩერებას.

თავად გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ამ ცვლილებების ინიციატორია, ქართუ ბანკიდან ბოლო წლებში ორი იპოთეკური სესხი აქვს გამოტანილი. 2016 წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კვირიკაშვილმა პირველი სესხი, 120 ათასი აშშ დოლარი 2012 წელს ისესხა ქართუ ბანკისგან, ხოლო მეორე იპოთეკური სესხი, 173 500 აშშ დოლარის ოდენობით, იმავე ბანკიდან 2015 წელს გამოიტანა. პირველი სესხის გადახდა კვირიკაშვილმა 2015 წელს დაასრულა, ხოლო მეორე სესხის გასტუმრება 2030 წელს დასრულდება.