გურჯაანის სასამართლოს მიერ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის გათავისუფლების გამო, ბავშვის ოჯახი პრეზიდენტის რეზიდენციასთან შიმშილობს. აქციის მონაწილეები მთავარ არხთან საუბარში აცხადებენ, რომ პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ ბრალდებულს არ დასჯიან. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ.

"10, 15, 20 დღე აქ ვინები, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან აქედან წასვლას არ ვაპირებ. პედოფილი გამოუშვეს და ჩემი 5 წლის ბავშვი გაამტყუნეს. მთავრობისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ვითხოვ", — ამბობს აქციის მონაწილე.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული 13 მაისს გაამართლა. პროკურატურა აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორებმა უტყუარი მტკიცებულებები წარადგინეს, რითაც დასტურდებოდა, რომ კაცმა დანაშაული ჩაიდინა.

შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა. 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი აღკვეთის ღონისძიების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. საერთო სასამართლოების პრესსამსახურმა მაშინ განმარტა, რომ ბრალდებულს 9 თვით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროის ამოწურვის შემდეგ კი, მას აღკვეთის ღონისძიება 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.