საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა შეარჩია და ის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მედიას წარუდგინა:

„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან და ამ კონსულტაციების საფუძველზე წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.

კანდიდატურა შევარჩიეთ ამ კონსულტაციების საფუძველზე და იგი გადაეგზავნება მთავრობას შესათანხმებლად. ხოლო იმის შემდეგ, რაც მთავრობასთან ეს გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული, ჩვენ გადავაგზავნით მას დასამტკიცებლად უკვე ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

წარმოგიდგენთ ზურაბ პატარაძის კანდიდატურას. ზურაბ პატარაძეს ვუცხადებ ნდობას და ვუსურვებ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა:

„ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. დარწმუნებული ვარ,ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობლივი მუშაობით, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ“.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები დღეს გამართა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან.