ლელო საქართველოსთვის წევრი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ისე უნდა დალაგდეს, რომ განსხვავებულობა, სიმდიდრე უნდა იყოს და არა ხიფათი. ამის შესახებ მან სექსუალური უმცირესობების საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უმცირესობების საკითხები წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ჩაბარებული.

"ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო ახორციელებს მმართველობას უმცირესობების სფეროში. მხოლოდ ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უმცირესობებს აღიქვამს როგორც სახელმწიფოს საფრთხეს. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდდეს, რომ ინტეგრაცია მოხდეს, ტოლერანტობის ვითარება დადგინდეს", — განაცხადა უსუფაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ლგბტ თემის უფლებები "ძალიან კარგადაა" დაცული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს ლგბტ თემისთვის ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მინიჭებაზე, უპასუხა, რომ სჯერა შვილი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.

ამავე თემაზე უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ლელო ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას მხარს არ უჭერს.

ამ განცხადებების შემდეგ ლელოს პოლიტსაბჭოს წევრმა, ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა.