ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა.

"ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9 საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას. სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა! შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიოს 27-ე და საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამავე საქმეზე ჩოგბურთელის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.

როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ჰყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან დიდი ხნის წინ მოლაპარაკებით დასრულდა.

"ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა [მამას] რა დაემართა, არ ვიცი მთვრალი იყო თუ რა იყო, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა", — აღნიშნა ქალმა.

თვითონ სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელი აცხადებს, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.