საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც ულტრა-ნაციონალისტურ იდეებს იზიარებს, თვლის, რომ "ეროვნულობის წართმევა" რეალური საფრთხეა, "იჩაგრება" ქრისტიანული აღმსარებლობის გამო, გასაუბრების შემდეგ შეუძლია, ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში მოწყობილ ფიტნეს-დარბაზში უფასოდ ივარჯიშოს.

ფოტო: Clickmedia

ინიციატივა არაფორმალურ გაერთიანება ქართული მარშს ეკუთვნის, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. მათ პირველი მასშტაბური აქცია ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით ამავე წლის ივლისში გამართეს.

საქართველოში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდული ფრთაც ქართულ მარშს ჰყავს. ბექა რევაზიშვილი, ერმილე ნემსაძე, ანზორ ფორჩხიძე "იდეურ და ღირებულებათა ერთობის" გამო ქართულ მარშს დაფუძნებისთანავე შეუერთდნენ.

ფოტო: Clickmedia

ინიციატივის ავტორები ფიქრობენ, რომ უფასოდ ვარჯიშის იდეა "ქვეყანაში გაბატონებული ნარკოტიკების პროპაგანდის, დასავლური ცხოვრების წესისა და ფასრეულობების, ანტიეროვნულობის" წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

მათი მოსაზრებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ახალგაზრდა თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და "აღვირახსნილი ლიბერალიზმისგან" დაცვაა.

2017 წლიდან დღემდე, ქართული მარში, მათივე განმარტებით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს აპროტესტებს. მათ შორისაა: ღია საზოგადოება — საქართველოს (სოროსის ფონდის) საქმიანობაც — ფონდის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაწვეს სოროსის ფიტული, სამართალდამცველებს მაშხალები დაუშინეს. გაერთიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგიც იყო, რომლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი მოეხსნა. ისინი იუსტიციის სახლის წინ გამართულ აქციაზე უცხოელებს შენობაში არ უშვებდნენ და აჯანყებით იმუქრებოდნენ.

ფეხბურთელ გურამ კაშიას სოლიდარობას ლგბტ თემისადმი, აქციაზე დაწვეს ლგბტ დროშა და კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდნენ. დემონსტრაციებზე ხშირად ისმის ჰომოფობიური, ქსენოფობიური, რასისტული განცხადებები.

სერბეთში, ქვეყნის დასავლეთით, ზლატიბორის მთებში ულტრანაციონალისტური ჯგუფები პერიოდულად ახალგაზრდების (12-დან 23 წლამდე) საწვრთნელ-პატრიოტულ ბანაკს აწყობენ.

მონაწილეებს სერბი და რუსი სამხედრო ინსტრუქტორები ფიზიკურ წვრთნებთან ერთად ნაციონალისტურ იდეოლოგიას აზიარებენ. 2018 წელს ბანაკი პრეზიდენტის ბრძანებით დაიხურა, როგორც "ბავშვებზე შესაძლო ჩაგვრის ადგილი", თუმცა ის 2019 წელს კვლავ მოეწყო.

სერბეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა რესპუბლიკაა ცენტრალური და სამხრეთ ევროპის გზაჯვარედინზე. 90-იანი წლების ბოლოს, ბალკანეთის ტერიტორიაზე პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტებს იუგოსლავიის რესპუბლიკის დაშლა, სლობოდან მილოშევიჩის ნაციონალისტური რეჟიმის ჩამოყალიბება, კოსოვოელთა გენოციდის მცდელობა და საპასუხოდ NATO-ს ჯარების მიერ ბელგრადის დაბომბვა მოჰყვა.

ფოტო: Clickmedia

ქვეყნის დედაქალაქ ბელგრადში უცვლელადაა 1999 წელს NATO-ს მიერ დაბომბილი შენობები. სერბები ამბობენ რომ ამით უახლეს წარსულს არ ივიწყებენ, რადგან "ჭრილობები ისევ ახალია".

სერბი მკვლევარი ისიდორა სტაკიჩი განმარტავს, სერბეთში ნაციონალიზმი და მილიტალისტური განწყობები ჯერ კიდევ მძლავრია 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტების შემდეგ.

ახალგაზრდების ინტერესს რთული სოციალური ფონითა და წარსულის გამოცდილებით ხსნის:

საქართველოში ულტრამემარჯვენე ახალგაზრდებს ბანაკი არ მოუწყვიათ, მაგრამ ანტიდასავლური განწყობებითა და დღის წესრიგით გამოირჩევიან, რასაც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ბოლო კვლევაც ადასტურებს.

ამავე კვლევის მიხედვით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლობა და აუდიტორიაც გაიზარდა. საქართველოში მათ მოიხსენიებენ როგორც: "ულტრამემარჯვენეებად", "ნეონაციონალისტებად", "ფაშისტებადაც".

ქართული მარშის გარდა აქტიური გაერთიანება იყო ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობა", რომელიც 2016 წელს დაარსდა.

მოძრაობის წევრებიდან ამ დრომდე აქტუალობა 29 წლის ნაციონალისტმა, თორნიკე ვაშაკიძემ შეინარჩუნა. ის საზოგადოებას საკუთარ იდეებს Facebook Live-ის საშუალებით, საკუთარი სახლიდან აცნობს.

სერბეთის პარლამენტის წევრი და მთავარი ოპოზიციონერი მარინიკა ტეპიჩი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებს ქვეყნის მთავარ საფრთხედ აფასებს, მისი აზრით, მსგავსი ჯგუფები ხულიგნების, მოქმედი თუ ყოფილი კრიმინალების თავშესაფარია, რომლებიც საზოგადოებაში ძალადობასა და შიშს თესავენ.

სერბი ახალგაზრდების უმრავლესობა არაფორმალურ გაერთიანება Civil Patrol-ში გაერთიანებისთვის მზადაა, რაც მარინიკას შეფასებით, სერბეთს რადიკალურ და ძალადობრივ ქვეყანად წარმოაჩენს.

ფოტო: Clickmedia

Freedom House-ის ახალ კვლევაზე დაყრდნობით, საქართველოში ულტრამემარჯვენე იდეოლიგიის ელექტორატი მცირეა, თუმცა პოლიტიკური დისკურსის ფორმირება შეუძლიათ. ახალგარზდები ამ ჯგუფებს წარსული ეროვნული სენტიმენტების გავლენით, ქვეყნის "გადარჩენის და დასავლური ძალებისგან დასაცავად" უერთდებიან. მათი ძირითადი აქტივობა საპროტესტო აქციების გამართვაა.

Freedom House-ის მიხედვით სერბეთში 90-იანი წლებიდან მილიტარისტული განწყობების გავლენითა და რთული სოციალური ფონით გამოწვეული პრობლემები ახალგაზრდებს აიძულებთ იდეოლოგიური მიკუთვნებულობა რადიკალურ ჯგუფებთან გაუჩნდეთ, მათი ბრძოლის მეთოდები ძალადობრივ ფორმებში არის გადაზრდილი.

ულტრამემარჯვენეების დღის წესრიგი

საქართველო და სერბეთი

ნაციონალიზმი და ულტრანაციონალიზმი — ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ირგვლივ ამ სიტყვებს ნეგატიურ კონტექსტში იყენებენ. იდეოლოგიის მიმდევრებს კი, რადიკალებად, უარეს შემთხვევაში, ფაშისტებად მიიჩნევენ.

ქართული საზოგადოებისათვის ნაციონალიზმის ისტორია მეცხრამეტე საუკუნიდან, ილია ჭავჭავაძიდან დაიწყო, დღეს კი სახეცვლილი გვხვდება. ულტრანაციონალიზმი ძალადობრივი ფორმებით საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელდა. ClickMedia-სა და Internews Georgia-ს ერთობლივი პროექტი საქართველოსა და სერბეთში ამ ჯგუფების გააქტიურებას ეხება.

"ნაციონალიზმი არის ეტაპი, რომელიც ნებისმიერმა ერმა უნდა გაიაროს ერად ჩამოყალიბებისთვის. ის ფორმები, რაც ახლა ხდება საქართველოში, ხშირად ეწინააღმდეგება ეროვნულობის იდეას" — გიორგი ბადრიძე, ალექსანდრე რონდელის ცენტრი.

ულტრამემარჯვენეებისათვის ერის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა "ქართველობის ან სერბობის შენარჩუნებაზე" ზრუნვამ ჩაანაცვლა. ვინც საკუთარ თავს ნაციონალისტს უწოდებს, არც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას და განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანების დევნას, ფიზიკურად ანგარიშსწორებას ერიდება. ულტრანაციონალიზმის გავრცელების ძირითად იარაღად სოციალური მედია იქცა. ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ განწყობებს, მკვლევრების აზრით, რუსეთი აღვივებს, აფინანსებს და ახალისებს.

მასალა მომზადებულია მედია პლატფორმა Clickmedia-ს მიერ, ინტერნიუსის მხარდაჭერით. გადაღებები სერბეთსა და საქართველოში მიმდინარეობდა 2019 წლის შემოდგომაზე.