დღეისთვის ვერავინ იტყვის, დაესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს ელექტრონული ცხვრები, თუმცა ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელოვნურ ტვინს ნამდვილის მსგავსად დასვენებისთვის და ძალების მოკრებისთვის გარკვეული პერიოდები დასჭირდება.

დოქტორმა ვატკინსმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინა, რომ როდესაც მათი ხელოვნური ნეირონული ქსელი გაუჩერებლად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სწავლობდა, იგი არასტაბილური ხდებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად გუნდმა ნეირონულ ქსელს დასვენების საშუალება მისცა — იგი ისეთ მდგომარეობაში გადაიყვანეს, როგორშიც ცოცხალი ტვინი ძილის დროს იმყოფება, შედეგად კი სტაბილურობა აღდგა.

"როდესაც ქსელს ერთი ღამის ეკვივალენტური ძილის საშუალება მივეცით, იგი დასტაბილურდა", — განაცხადა ლოს-ალამოსის ლაბორატორიის მკვლევარმა იეიკინ უოტკინსმა.

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა გუნდი ისეთი ნეირონული ქსელის განვითარებაზე მუშაობდა, რომელსაც უნდა შეესწავლა, თუ როგორ ვითარდება ბიოლოგიურ ორგანიზმებში დანახვის უნარი. აღმოჩენა სწორედ ამ კვლევის დროს გაკეთდა: ნეირონული ქსელი სპეციფიკური ვარჯიშების გავლის დროს, სადაც მას ობიექტების კლასიფიკაცია ევალებოდა (ოღონდ წინამორბედი მაგალითების გარეშე, რათა შედარება ვერ გაეკეთებინა), არასტაბილური გახდა. გუნდი კი მთელი ძალისხმევით მის სტაბილიზებას ცდილობდა.

სხვადასხვა მეთოდის გამოცდის შემდეგ, მკვლევრები ნეირონული ქსელის ძილის ანალოგიურ ფაზაში გადაყვანის გადაწყვეტილებამდე მივიდნენ — ეს მათთვის ქსელის სტაბილიზების უკანასკნელი გზა იყო. გუნდმა ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, შედეგად კი ჰიპოთეზა ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც, ნეირონული ქსელი ღრმა ძილის ანალოგიურ მდგომარეობაში ყოფნის დროს ისვენებდა.

გუნდის შემდეგ მიზანს ალგორითმის Intel-ის ნეირომორფულ ჩიპზე მოთავსება წარმოადგენს. მათ იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში ძილის საშუალება ქსელს სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.