ოქსფორდის უნივერსიტეტში შემუშავებული კორონავირუსის პოტენციური ვაქცინისთვის 2 მილიარდი დოზის წარმოება მას მერე გადაწყდა, რაც ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა ფონდმა, Bill and Melinda Gates Foundation, პროექტი $750 მილიონით დააფინანსა.

ოქსფორდის მეცნიერთა კვლევის საფუძველზე შემუშავებულ ვაქცინას ფარმაცევტული კომპანია, AstraZeneca აწარმოებს. ამ მიზნით მან ხელშეკრულება გააფორმა ეპიდემიური მზადყოფნის კოალიციასათნ, CEPI, და გლობალურ ჯანდაცვით ალიანსთან, Gavi. ამ ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას Bill and Melinda Gates Foundation-ის გარდა WHO-ც უჭერს მხარს.

ვაქცინის მასობრივი წარმოება მისი ეფექტიანობის დამტკიცებამდე დაიწყება. ეს უჩვეულო ნაბიჯი მიზნად ამ პროცესისთვის საჭირო პერიოდის შემოკლებას ისახავს. გაცემული თანხა 2 მილიარდი ვაქცინიდან 300 მილიონი დოზის დისტრიბუციასაც მოხმარდება.

კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ AstraZeneca-მ სალიცენზიო პარტინიორობა გააფორმა ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთანაც (SII), რომელიც მოცულობის თვალსაზრით მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ხელშეკრულების თანახმად, ვაქცინის ერთი მილიარდი დოზა დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის იქნება გათვალისწინებული. მათგან 400 მილიონი დოზა 2020 წლის ბოლოსკენ იქნება მზად.

BBC-ის თანახმად, პოტენციური ვაქცინის 300 მილიონი დოზა აშშ-სთვის, ხოლო 100 მილიონი დოზა გაერთიანებული სამეფოსთვისაა განკუთვნილი. თუკი კლინიკური კვლევები მის ეფექტიანობას დაამტკიცებს, პირველი დოზები უკვე სექტემბრისთვის შეიძლება იყოს მზად.

"ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ, რათა დანაპირები ავასრულოთ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველვყოთ ოქსფორის ვაქცინაზე ფართო, სამართლიანი და უფასო წვდომა", — აცხადებს AstraZeneca-ს აღმასრულებელი დირექტორი, პასკალ სორიოტი.

ჯერ კვლავ არაა ცნობილი, იმუშავებს თუ არა AZD1222 სახელით ცნობილი ეს ვაქცინა. სორიოტის თქმით, ეს აგვისტოსთვის გაირკვევა.

CEPI-ს აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ ჰატჩეტი, აღიარებს, რომ იმ პროდუქტის წარმოებაში თანხის ჩადება, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ არ გაამართლოს, "მნიშვნელოვანი რისკის შემცველია".

AstraZeneca-ს განცხადებით, ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინის II/III ფაზის ვერსიათა ტესტირებაში 10 ათასამდე ზრდასრული მოხალისეა ჩართული.