თბილისი პრაიდის ცნობით, მათი ოფისის ფასადს, აივანსა და ფანჯარას გუდრონის მსგავსი ნივთიერება შეასხეს. პრაიდის წარმომადგენელი თამაზ სოზაშვილი ტვიტერზე წერს, რომ მათ ოფისს რადიკალი ჯგუფები დაესხნენ თავს.

"საბედნიეროდ, პოლიცია ყოველთვის აქ არის, თუმცა როგორც ხედავთ, ისინი მათაც კი ვერ შეაჩერეს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაასრულოს გამოძიება. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჩვენც ვიმსახურებთ", — წერს სოზაშვილი.

იგი On.ge-სთან ჰყვება, რომ თავდასხმისას ოფისში არავინ იყო, თუმცა თვითმხილველმა დაინახა, რომ პოლიცია ყველა იმ პირს უღებდა, ვინც ისროდა შენობის მიმართულებით, შემდეგ შეაკავეს ცოტა ხნით, გააჩერეს და ბოლოს გაუშვეს. მისივე ვარაუდით, თავდამსხმელები გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაციიდან იყვნენ, რადგან რამდენიმე დღის წინ, მათვე მოიპარეს აივნიდან ლგბტ დროშა.

"ეს არის თბილისის ძველი უბანი და დააზიანეს ქალაქის იერსახე. ადმინისტრაციული ჯარიმა მაინც უნდა შეეფარდებინათ. [პოლიციელებმა] კადრები აიღეს და წავიდნენ ის ადამიანები", — ამბობს თამაზ სოზაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს და გამოჰკითხეს რამდენიმე პირი. უწყების ცნობით, კონკრეტული მუხლი მოგვიანებით დაზუსტდება.