საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, დავით უსუფაშვილი, რომელიც ამჟამად მამუკა ხაზარაძის მოძრაობაშია გაერთიანებული, აცხადებს, რომ ლელო ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას მხარს არ უჭერს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ხაზარაძის ერთი დღის წინანდელი ჰომოფობური განცხადების შემდეგ დაწერა, რომლის მიხედვით, საქართველოში ლგბტ თემის უფლებები "ძალიან კარგადაა" დაცული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს.

"ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას ლელო მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი "ფობიობანას" გარეშე", — დაწერა რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა ფეისბუქზე.

ამასთან, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გმობენ განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას.

"სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად", — დაწერა უსუფაშვილმა.

ლელოს ლიდერმა 6 ივნისს, TV პირველის ეთერში თქვა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები ქვეყანაში "ძალიან კარგადაა" დაცული და ქორწინების განსაზღვრება (ქალისა და კაცის ერთობა) კონსტიტუციაში "ლამაზად წერია". ხაზარაძის თქმით, "შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ".