სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, სომხეთში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ მათ რეანიმაციაში მკურნალობა სჭირდებოდათ, მაგრამ საკმარისი ადგილები არ იყო. ამ თემაზე პაშინიანის კომენტარს რადიო თავისუფლების სომხეთის გამოცემა ავრცელებს.

"ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმდენად გადატვირთულია, რომ ვერ ათავსებს საავადმყოფოში პაციენტებს, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. მეტსაც გეტყვით, უკვე გვყავს შემთხვევები, როცა სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო კორონავირუსისგან ადამიანი გარდაიცვალა", — თქვა ნიკოლ პაშინიანმა.

პრემიერის განმარტებით, გარდაცვალებას ორი მიზეზი ჰქონდა: ახლობლებმა ჯანდაცვის სისტემას ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდეს და შესაბამისად რეაქციაც დაგვიანებული იყო. პაშინიანმა თქვა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 200 პაციენტი ჰყავთ, რომლებიც საკუთარ რიგს ელოდებიან ჰოსპიტალიზაციისთვის.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 12 364 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3 720 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 190.