საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაგებში 3 ივნისს მომხდარ სროლის ფაქტზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს. უწყება მათ წინააღმდეგ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოთ.

"დგინდება, რომ 2020 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.გ.-მ კი დანით გ.წ.-ს სახისა და ფეხის არეში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით ი.პ.-ს ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა", — წერია უწყების განცხადებაში.

უწყება აცხადებს, რომ მ.გ.-ს ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, რომელიც ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მ.გ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა. ხოლო მ.ხ.-ს ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.