მკვლევართა გუნდმა გადაწყვიტა გაეგო, თუ რა ხდება პროგრამისტთა ტვინში მაშინ, როდესაც ისინი კოდს წერენ. ამისთვის კი გუნდი კომპიუტერული პროგრამის წაკითხვისა და გააზრების დროს ტვინში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა.

კვლევის შედეგები საკმაოდ განმაცვიფრებელი აღმოჩნდა — მათ დაადგინეს, რომ პროგრამირება საუბარს ჰგავს. როგორც გაირკვა, ამ პროცესში ყველაზე აქტიურები ტვინის სწორედ ის რეგიონები არიან, რომლებიც მეტყველებასთანაა დაკავშირებული.

"ჩვენს მიზანს პროგრამირების დროს ჩართული კოგნიტური პროცესების უკეთ გასაგებად განსხვავებული მიდგომის შემუშავება წარმოადგენდა", — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა სვენ აპელმა.

კვლევის ფარგლებში გუნდმა ნეირომეცნიერებაში საკმაოდ პოპულარული მიდგომა გამოიყენა, რომლის დროსაც კვლევის მონაწილეებმა პირველი დავალება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლისას შეასრულეს — მათ კოდის მცირე ნაწილი უნდა გაეანალიზებინათ. ხანმოკლე შესვენების შემდეგ კი კოდის ნაწყვეტებში მარტივი სინტაქსური შეცდომები უნდა ეპოვათ, რაც პროგრამირებისას რუტინული პროცედურაა. ეს დავალება მათ რამდენჯერმე გაიმეორეს.

შედეგებმა ტესტის დროს მონაწილეთა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ისეთი აქტივობა აჩვენა, რაც ძირითადად მეტყველებასთან ასოცირდება.

"ჩვენდა გასაკვირად, იმ რეგიონებში, რომლებიც მათემატიკურ ან ლოგიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი, აქტივობა არ შეინიშნებოდა. ჩვენი კვლევის მიხედვით, მეტყველების აღქმის უნარი პროგრამირებაში ცენტრალურ როლს თამაშობს", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

მეცნიერთა გუნდს იმედი აქვს, რომ გაარკვევენ, თუ როგორ განსხვავდება პროგრამის აღქმის უნარი დამწყებსა და ექსპერტს შორის — კერძოდ, განსხვავებულად კითხულობენ და იაზრებენ თუ არა ისინი კოდს.

კვლევა ჟურნალ Communications of the ACM-ში გამოქვეყნდა.