ბათუმის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული 9 პირიდან 8-ს 1 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ერთი კი სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ლავასოღლის მხარდამჭერებს შორის გუშინ, 5 ივნისს ბათუმში მოხდა. აქციის მონაწილეების სარფის გამშვები პუნქტისკენ მიემართებოდნენ და მის გადაკვეტვას გეგმავდნენ. პოლიცია მათ მოუწოდებდა გზის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, 3 ივნისს აქციის 4-მა მონაწილემ პირი ამოიკერა, ხოლო ჯამში 15 ადამიანი შიმშილობას აგრძელებს.

თურქმა სამართალდამცველებმა ლავასოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

ადვოკატის ინფორმაციით, დაპატიმრების ვადა ლავასოღლის თურქეთში 28 თებერვალს ამოიწურა და ის საქართველოში უნდა გადმოეყვანათ. მისივე განმარტებით, ლავას ოღლი 28 თებერვალს გაათავისუფლეს და სადეპორტო სივრცეში გადაიყვანეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა წაეყვანა, თუმცა 29 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს და ციხეში დააბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სამართალდამცავის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.