შვილის აღზრდა გამოწვევებით სავსე პროცესია — ყოველდღიურად უამრავი დაბრკოლება და პრობლემა ჩნდება, რომლებთან გამკლავება მშობლებს მარტო უწევთ: "საერთოდ არ ჭამს, ძალიან უჭმელია..."; "დღე და ღამე მობილურშია ჩამძვრალი..."; "ემოციებს ავყევი, ზედმეტად გავუბრაზდი..."; "და-ძმები სულ ჩხუბობენ...". ხშირად ამ საკითხების მოგვარება საკუთარი ძალებით მშობლებს ძალიან უჭირთ.

ამ დროს კი, მეორე მხარეს, ფსიქოლოგების უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც მუდმივად იზრდება და თანამედროვე მოთხოვნებს უწყობს ფეხს. არადა, საკმარისია ამ ორი მხარის ერთ სივრცეში გაერთიანება, რომ აღზრდის პროცესი ბევრად უფრო ეფექტური, სასიამოვნო და სახალისო გახდება როგორც მშობლების, ისე შვილებისთვის.

სწორედ ამისთვის შეიქმნა Huppy - ქართული სტარტაპი, რომელიც ქმნის საოჯახო მობილურ აპლიკაციას. ის მთავარ ასისტენტად შეიძლება იქცეს მშობლისთვის შვილის აღზრდაში.

საწყის ეტაპზე სტარტაპს მიღებული აქვს GITA-ს მცირე გრანტი 15 000 ლარის ოდენობით და აქტიურად მიმდინარეობს აპლიკაციის მობილური და ვებ ვერსიის პროტოტიპის შექმნა. მანამდე კი ფეისბუქ სივრცეში რამდენიმე თვეა გამოჩნდა გვერდი Huppy და ჯგუფი მშობლებისთვის - მშობლების ფორუმი, რომლებიც ერთგვარი წინასახეა იმისა, თუ რა სერვისებს მიიღებს მომავალში მომხმარებელი აპლიკაციით.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი სერვისების შექმნაზე:

  • მშობლების აკადემია - სხვადასხვა ფსიქოლოგიური ცენტრისა და პროფესიონალის მიერ მომზადებული ინტერაქციული, მარტივი ენით გადმოცემული ონლაინ კურსები, სადაც მშობელი სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას მიიღებს აღზრდასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
  • მშობლის ასისტენტი - ერთგვარი "ცხელი ხაზი" მშობლისთვის, რომელსაც აღზრდის თემაზე კითხვები აქვს და პროფესიონალის კონსულტაცია ან სხვა მშობლის მსგავსი გამოცდილების გაზიარება სჭირდება. ყოველდღიურობაში უამრავი საკითხია, რომლის გადაწყვეტა მშობელს დამოუკიდებლად უჭირს, ამას თავადაც გრძნობს და განიცდის. სწორედ ამ პროცესშია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი Huppy-ს მშობლის ასისტენტი, რომელიც მუდმივად მზადაა მშობლისგან გაგზავნილ შეკითხვაზე კომპეტენტური პასუხის გასაცემად.
  • ოჯახის ბედნიერი სივრცე - Huppy-ს სჯერა, რომ გამოწვევები, რომელიც ტექნოლოგიებს შემოაქვს აღზრდის პროცესში, შეიძლება დიდ უპირატესობად გარდაიქმნას თანამედროვე მშობლისთვის. იმისათვის, რომ ტექნოლოგიამ არათუ დააშოროს, არამედ დააახლოვოს ოჯახის წევრები, საჭიროა შეიქმნას ორივე მხარისთვის - ბავშვებისა და მშობლებისთვის - სასარგებლო სივრცე. სწორედ ამ მიზნით Huppy თამაშსა და წახალისებაზე აგებულ ოჯახურ ციფრულ სივრცეს ქმნის საკუთარ აპლიკაციაში.

მშობლობა ურთიერთობის ხელოვნებაა, რომელიც რთული და კომპლექსურია. ამ პროცესში გამოცდილი ადამიანისა და პროფესიონალის დახმარებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაუადვილოს მშობელს საქმე.

Huppy მიზნად ისახავს შეასრულოს მედიატორის როლი და შექმნას პლატფორმა აღზრდის პროცესის ყველა მხარისთვის.

ქვემოთ კი რამდენიმე მოკლე რჩევაა Huppy-ს მარტივი ენით გადმოცემული ბლოგპოსტებიდან, რომლებიც მშობლებისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება. რეკომენდაციების სრულად გასაცნობად, ესტუმრეთ სტატიებს.

როცა ბავშვები არ იძინებენ...

ფოტო: Huppy

უკვე გვიანია, ბავშვებს უნდა ეძინოთ, თუმცა სახლში მყოფი, ენერგიით სავსე ჩვენი შვილები ამაზე არც კი ფიქრობენ... როგორ მოვიქცე?

"... იმ შემთხვევაში, როცა ძილისწინა რიტუალები სრულდება, მაგრამ დროულად დაძინების ჩვევა მაინც არაა ჩამოყალიბებული, საჭიროა ბავშვთან დაძინების დროზე წინასწარი შეთანხმება და ამ შეთანხმების თანმიმდევრული დაცვა.

ძილის დროზე ბავშვს პირველად როცა უთანხმდებით, მნიშვნელოვანია სწორი მომენტის შერჩევა. ძილის დროის შესახებ „მოლაპარაკება“ შეგვიძლია დავიწყოთ, როდესაც ბავშვი კარგ გუნება-განწყობილებაზეა და ფიზიკურად ახლოს ვართ მასთან. „მოლაპარაკების“ დრო უნდა იყოს შერჩეული დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მაინც, სასურველია დღის პირველ ნახევარში."

უფრო ვრცლად რჩევებს ამ საკითხზე გაეცანით ამ ბმულზე.

ონლაინ სამსახური ბავშვებთან ერთად

ფოტო: Huppy

დედას ონლაინ შეხვედრა აქვს, მამა კი საქმიან სატელეფონო საუბარშია ჩართული, ერთი ბავშვი ველოსიპედით დააქროლებს ოთახში, მეორე კი დაჟინებით ითხოვს ვაშლს.. ცხადია, რომ ბავშვები გამძაფრებით ითხოვენ ყურადღებას, მითუმეტეს, როდესაც მშობლებს ხედავენ.

"...საჭიროა, რომ მშობელმა ბავშვს მიაწოდოს ინფორმაცია, აუხსნას სიტუაცია და გააცნოს გეგმა.

მაგალითად, "დღეს, 10.00 საათიდან 12 საათამდე ონლაინ შეხვედრა მაქვს. ეს ჩემი სამსახურია და შეხვედრას აუცილებლად უნდა დავესწრო. შენ შეგიძლია ითამაშო აქვე ან შენს ოთახში. მე ხელს არ შემიშლი. არც მე შეგიშლი ხელს. ოღონდ ამ დროის განმავლობაში ყურადღებას ვერ მოგაქცევ, რადგან აქვე, ჩემს ონლაინ სამსახურში ვიქნები."

ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური სივრცე განსაზღვრულია მაშინ, როცა შვილი და მშობელი მაინც ერთ ფიზიკურ სივრცეში რჩებიან. ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს ერთდროულად მშობლისგან - რას ნიშნავს მუშაობა, როგორ მუშაობს მშობელი, რამდენად მნიშვნელოვანი და სერიოზულია სამსახურებრივი მოვალეობა, და თავად როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს. ბავშვი სწავლობს სამუშაო გარემოში ყოფნასა და ქცევას ანუ თვალსაჩინოდ ეძლევა პასუხისმგებლური დამოკიდებულების მაგალითი."

უფრო ვრცლად რჩევებს ამ საკითხზე გაეცანით ამ ბმულზე.

"დღე და ღამე მობილურშია ჩამძვრალი"

ფოტო: Huppy

დილით თვალს გაახელს თუ არა, ბავშვი ხელის ცეცებით ეძებს მობილურს. დღის განმავლობაში ცდილობს სწრაფად დაასრულოს ან საერთოდაც თავიდან აიცილოს აუცილებელი საქმეები, რათა კვლავ დაუბრუნდეს გაჯეტებს. და-ძმებთან ან მეგობრებთან ერთადაა, თუმცა მაინც ყველა მობილურებში თავჩარგულები სხედან.

"...ბავშვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლის პირად მაგალითს.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

ის, ცხადია, კვლავაც იყენებს ტექნოლოგიებს, რადგან ეს თანამედროვე ცხოვრების ენაა. მაგრამ ახერხებს დაიცვას პროპორციული თანაფარდობა, წიგნებთან ან ადამიანურ ურთიერთობებთან მიმართებაში. ბავშვი ხედავს, რომ დედა იყენებს მოწყობილობებს სხვადასხვა აუცილებელი ამოცანის შესასრულებლად, მაგრამ ამავე დროს კითხულობს წიგნებს, აქვს ცოცხალი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, სეირნობს, საქმიანობს შინ და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ ბავშვი რომელიც მშობლებს მუდმივად მობილურებში თავჩარგულს ხედავს, უსათუოდ თვითონაც იმავეს გაიმეორებს."

უფრო ვრცლად რჩევებს ამ საკითხზე გაეცანით ამ ბმულზე.

"როგორ შევაჩვიო ბავშვები წესრიგს?"

ფოტო: Hurr

შევდივართ ბავშვების ოთახში - სათამაშოები იატაკზე ყრია, იქვე პასტელები და სახატავი ფურცლები, მაგიდაზე წინდა, ლოგინზე რამდენიმე ფაზლია ერთმანეთში არეული… ვიწყებთ დალაგებას! დღეს უკვე მერამდენედ?!

"...თუ არეულობა თამაშის ან ძიძგილაობის შედეგად არის შექმნილი ჩვენ დადებითად უნდა აღვნიშნოთ თამაშის ფაქტი: "თქვენ კარგად ითამაშეთ ხომ?" ეს არ უნდა იყოს ირონია, საყვედური, შენიშვნა, არამედ ფაქტის კონსტატაცია. ჩვენ ამ ფაქტის თანამგრძნობი და მიმღები ვხდებით. და აქ ვჩერდებით, ანუ არ ვცდილობთ ოთახი დავალაგებინოთ.

შემდეგ კი ჩვენი მიზანია ბავშვმა პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და დადებითი ქცევა განვუმტკიცოთ. ჩვენი ყველა ქმედება საჭიროა მიმართული იყოს ბავშვში ინიციატივის აღძრვისკენ."

უფრო ვრცლად რჩევებს ამ საკითხზე გაეცანით ამ ბმულზე.

"ემოციებს ავყევი, ზედმეტი მომივიდა"

ფოტო: Huppy

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ემოციებს ავყვებით, შვილს ზედმეტად უხეშად მოვეპყრობით, რასაც შემდეგ დიდხანს განვიცდით. რა საბაბითაც არ უნდა მოხდეს გაბრაზება, მაინც წუხილი და დანაშაულის გრძნობა გვეუფლება. რა უნდა ვქნათ ამ დროს, როგორ მივიქცეთ?

"...თუ მშობელი მოახერხებს რეალობის და იმ მოვლენის გაცნობიერებას, რაც მოხდა, მაშინ იგი ამ მოვლენას სახელს დაარქმევს (მაგალითად, "გავბრაზდი") და გამოხატავს საკუთარ განცდას სიტყვიერად (ვეტყვი: "მე ძალიან მეწყინა"…). ეს საშუალებას მისცემს გამოხატოს თავისი შინაგანი მდგომარეობა, რაც გარკვეულწილად სიმშვიდის მომტანია.

თუკი სიტუაცია გააცნობიერეთ, მისი შეცვლა არ არის მთავარი. მთავარია სახელის დარქმევა და შესაბამისი რეაქციის შესაბამისი ფორმით გამოხატვა!"

უფრო ვრცლად რჩევებს ამ საკითხზე გაეცანით ამ ბმულზე.

"როცა და-ძმები კინკლაობენ და ჩხუბობენ"

ფოტო: Huppy

ბავშვების ოთახიდან ისევ განწირული წივილ–კივილისა და ცემა–ტყეპის ხმა ისმის, ცოტა ხანში უმცროსი შემორბის ატირებული საჩივრით, უკან უფროსი მოსდევს და თავს იმართლებს: "უთხარი რამე!", "ჩემი ბრალი არ არის, თვითონ დაიწყო..." როგორ მოვიქცეთ ამ დროს? მოვარიგოთ "მხარეები" ამ "დაუნდობელ ორთაბრძოლაში"?

"...და-ძმების "კონფლიქტის" მოგვარებისას მშობელმა უნდა გადავხედოთ საკუთარ როლს. თუ ამ დროს "შემფასებლები" ვართ, მაშინ ბავშვები ყოველთვის ეცდებიან ჩვენი ყურადღების მიქცევას, საკუთარი სიმართლისა და "უკეთესობის" დამტკიცებას. ამიტომ საჭიროა ჩვენი დამოკიდებულება შევცვალოთ და გავთავისუფლდეთ გამომძიებლის, ადვოკატისა და მოსამართლის როლებისგან.

თუ ფიზიკური ზიანის საფრთხე არ არის, საჭიროა მშობლებმა ჩარევის გარეშე დავაცადოთ ბავშვებს თავად მოახერხონ ურთიერთობების "დალაგება", თუნდაც, "თავის დაცვა", და, რაც მთავარია, დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა."

უფრო ვრცლად რჩევებს ამ საკითხზე გაეცანით ამ ბმულზე.

"საერთოდ არ კითხულობენ წიგნებს"

ფოტო: Huppy

უფროსი ბავშვი კომპიუტერთან თამაშობს, უმცროსი ტელეფონით ხელში, დედა შედის და ეკითხება უფროსს: "დღეს რაც გქონდა წასაკითხი, წაიკითხე?" "ხვალ წავიკითხავ...". ვხედავთ, რომ დედის მცდელობა უშედეგოა. როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვები საერთოდ არ ან ძალიან ცოტას კითხულობენ?

"...პატარას რეგულარულად უნდა ვუკითხოთ. რეკომენდებულია, რომ წიგნი მისთვის იყოს ხელმოსაკიდი.

გარკვეულ ასაკში თუ ეზარება, ჩვენ ვუკითხავთ და საინტერესო მომენტზე ვეუბნებით "ახლა შენ გააგრძელე", "გამიხარდება, შენ რომ წაიკითხო". როცა თვითონ იწყებს კითხვას, თავიდან შეგვიძლია შევარჩიოთ პატარ–პატარა მოთხრობები, რომ ამბავი დასრულდეს და ინტერესი დაიკმაყოფილოს. გზადაგზა წავახალისოთ "რა კარგად გამოგდის კითხვა", "შენ შეგიძლია!", "ძალიან მსიამოვნებს", "ბედნიერი ვარ".

უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს განსხვავებულ რიტმში მყოფ ბავშვებს სქელტანიანი წიგნების წაკითხვა უჭირთ. თუმცა საბედნიეროდ მაინც არსებობს ისეთი წიგნები, რომელთა წაკითხვა არასოდეს იქნება მათთვის მოსაბეზრებელი. მთავარია "კითხვაში შევიყვანოთ" და კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებით ისინი თავად მიაგნებენ სწორედ იმას, რაც წასაკითხი იქნება."

უფრო ვრცლად რჩევებს ამ საკითხზე გაეცანით ამ ბმულზე.

შენიშვნა: სტატიაში მოცემულია მხოლოდ ზოგადი ფსიქოლოგიური რჩევები და რეკომენდაციები. კონკრეტულ შემთხვევაზე კონსულტაციის მისაღებად უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტს. დისკუსიისთვის კი გამოიყენეთ მშობლების ფორუმი.

სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.