ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის მკურნალობისთვის პლაქვენილი პროტოკოლში დააბრუნეს.

ამის მიზეზია ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში პლაქვენილი დააბრუნა, რადგან ჟურნალ Lancet-მა გაიწვია ის სტატია, რომელშიც COVID-19-ის პაციენტების მკურნალობის დროს პლაქვენილის სერიოზულ გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი.

სტატიაში მოყვანილი კვლევის გამო 25 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება სოლიდარობის საერთაშორისო კვლევიდან პრეპარატი ამოიღო. იქიდან გამომდინარე, რომ კვლევაში საქართველო მონაწილეობს, პროტოკოლიდან პლაქვენილი ამოიღეს. ჯანმომ 3 ივნისს პრეპარატი მას შემდეგ დააბრუნა, რაც Lancet-ში კვლევასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა და სტატია გაიწვია.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ისინი ამ ხნის განმავლობაში აფიქსირებდნენ, რომ საქართველოში პლაქვენილს წარმატებით იყენებდნენ და სამი თვის განმავლობაში სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

"მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით — ცნობა პლაქვენილის გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა", — აცხადებს ცერცვაძე.

გარდა ამისა, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პლაქვენილს ინდივიდუალური მიდგომით იყენებენ.