ვარკეთილში თბილისის მერს, კახა კალაძესა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მერი ვარკეთილში სკვერის გახსნაზე იყო მისული. ადგილზე ლაშა ჩხარტიშვილი და რამდენიმე აქტივისტი მივიდა.

მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად აქტივისტმა მერს პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილიდან აქტივისტების განრიდება სცადეს.

როგორც ადგილზე ერთ-ერთი პირი ყვება, დაპირისპირების დროს მას ხელი ჰკრეს და მაისური დაუხიეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

დაპირისპირების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროვოკაცია სცადეს:

"მოსახლეობას არავითარი კავშირი არ აქვს. ორი თაღლითი ნაციონალი იყო ადგილზე მოსული, რომელთაც მცდელობა ჰქონდათ დაეგეგმათ პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ".

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. On.ge დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.