დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სახლში საყოფაცხოვრებო კონდიოციონერების გათიშვა საჭირო არაა. მისივე თქმით, საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონდიციონერების გამორთვაზე. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

"ეს არ ეხება ყველა კონციდიციონერს და ყველა საკონდიცირო სისტემას. ეს არ ეხება სახლში რომ გვაქვს საყოფაცხოვრებო კონდიციონერს, რადგან ოჯახში მაინც ერთად ვართ. კი, ძირითადად ოჯახური კერები გვაქვს საქართველოში, სახლში კონდიციონერი არ ჩართოო არავის უთქვამს. აქ საუბარია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენებაზე და ისეთებზე, რომლებიც მარტო შიდა ჰაერს ატრიალებს", — განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძეს მოჰყავს ჩინეთის ერთ-ერთი რესტორნის მაგალითი, სადაც კონდიციონერმა ეპიდაფეთქებას შეუწყო ხელი.

"მე რომ ახლა თავისუფალი ექსპერტი ვიყო, იმდენ რამეს ვიტყდოი, ჩემი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა. ჩვენ როდესაც რაღაცას აქ გადავწყვეტთ და ვურჩევთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ მერე პასუხისმგებლები უნდა ვიყოთ იმაზე, რა მოხდება საქართველოში და როგორი იქნება ჩვენი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომაც ყველა ჩვენი რეკომენდაცია რაიმე მეცნიერულ მტკიცებულას უნდა ემყარებოდეს. ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როცა პასუხისმგებლობა არ გაქვს", — განაცხადა იმნაძემ.

მთავრობის რეკომენდაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონდიციონერის გამოყენება არ შეიძლება და სივრცე უნდა ნიავდებოდეს.