ვარკეთილში სპეცოპერაციის დროს კაცი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 1975 წელს დაბადებული კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. სამინისტროს განმარტებით, კაცი სახლში იყო ჩაკეტილი და რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. ის მეზობლების თანდასწრებით იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციელების მოწოდების მიუხედავად პირი იარაღიდან მაინც ისროდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შეიარაღებული კაცი პოლიციას ჩაბარდა. თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.