მამა იოანე მჭედლიშვილი სამების ტაძარში გაზის დავალიანებაზე ამბობს, რომ ისინი დახმარებას არავის სთხოვენ, თუმცა "კეთილი ნებისთვის" მადლობას გადაიხდიან. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა.

"არავისთან არ მაქვს პრეტენზია. გაზის კომპანია ყოველთვის გვერდში გვედგა, ყოველთვის გვითვალისწინებდა, როცა ტაძარში დიდი დღესასწაული იყო, თხოვნის საფუძველზე აღგვიდგენდნენ გაზს. დაგროვდა 3 წლის დავალიანება, რისი გადახდის შესაძლებლობაც, მონასტერს, სამწუხაროდ, არ აქვს. ჩვენ დახმარებას არავის ვთხოვთ, ხოლო თუკი ვინმე კეთილ ნებას გამოიჩენს და მონასტერს შეეწევა, "მადლობა ღმერთს", — ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.

კომპანია თბილისი ენერჯი განმარტავს, რომ სამების საკათედრო ტაძარს 227 329 ლარის დავალიანება 10 წელზე გადაუნაწილეს, თუმცა მაინც არ გადაიხადეს. კომპანიის ცნობითვე, სამების ტაძარს გაზის მიწოდება 23 აპრილს შეუწყვიტეს.

"სამების ტაძარს დღეის მდგომარეობით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება აქვს 256 652 ლარი. ეს არის ბოლო სამი წლის დავალიანება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მათ წერილობით, რომ გადაეხადათ დავალიანება ან გადანაწილება გაეკეთებინათ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არცერთხელ არ ყოფილა. საბოლოო ჯამში თებერვლის თვეში ისევ ჩვენი ინიციატივით, შევთანხმდით გადანაწილებაზე და 227 329 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილდათ.

ამის მიუხედავად, გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს. ამით დაირღვა ხელშეკრულება განწილვადებაზე, რის გამოც მიმდინარე წლის 23 აპრილს სამების ტაძარს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება", — აცხადებენ კომპანიაში.