პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ პარლამენტში "ჯიგრული პონტის" ხსენებისას არა კორუფციაზე, არამედ საგანგებო მდგომარეობისას გადაადგილებისასთვის საჭირო საშვების დაშვებაზე თქვა.

"ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენა. ოპოზიციას და ოპონირებას საერთოდ პატივს ვცემ, ეს განვითარების ერთადერთი გზაა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პროგრესის, პირველ რიგში. ოპოზიციამ თქვა, "ჯიგრულ პონტში" გახარიამ თქვა კორუფციაზეო და სინამდივილეში ვთქვი საშვის დაშვებაზე", — განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლისას, ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ ჰკითხა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გარკვეული კომპანიების დაშვება და ზოგის აკრძალვა იყო შერჩევითობა თუ კორუფცია. რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას "ქართულ ჯიგრულ" პონტში რამე გაუკეთა, მაგრამ კორუფცია არა.

"შერჩევითობის ნაწილი, თუ კომპანიებზეა საუბარი, როგორ იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული — როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შტაბი შეიქმნა, იმ წუთში გამოჩნდა ის მსხვილი სისტემური კომპანიები, რომლის გაჩერებაც შემდგომ ერთ თვეში ან ერთ კვირაში... ჩვენ ხომ არ ვიცოდით, ვაჩერებდით სამი თვით, ერთი დღით თუ... ეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იყო ხო. რომლის ახალ ამუშავებას შეიძლება გამოეწვია ათობით მილიონი ზარალი. ეს არის მეტალურგია, ეს არის მოპოვებით… მაგალითად, გეტყვით, რომ ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, უბრალოდ, ქალაქი მოვახდინეთ კარანტინში, რომ მოსახლეობა, ვინც მუშაობს, შიგნით ჩაგვეტოვებინა, არ შეგვეტანა ეს ინფექცია. ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, რიკოთი ერთი დღით არ გაჩერებულა, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა. უბრალოდ იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომლებსაც მკაცრად ვაკონტროლებდით.

ამის შემდგომ, გარკვეული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ [დაკავშირებული] ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, თვითონ მოვიდნენ — ცემენტის წარმოება, არმატურის წარმოება, იმის წარმოება. ზოგიერთ კომპანიას არც ჰქონდა სურვილი, თქვა, რომ მე ამ პირობებში სწრაფად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირს, დაველოდები ერთი თვე და მერე. ასე იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული. მერწმუნეთ, რომ ეს დროში ისე ხდებოდა, რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ. იქ ეგეთი თემა..." — განაცხადა გახარიამ.