მედიის განვითარების ფონდმა 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის შედეგად, რომელიც დღეს, 29 ნოემბერს გამოქვეყნდა დადგინდა, რომ ტელევიზიებს შორის ყველაზე მაღალი პოზიტიური ტონით მთავრობა მაესტრომ (18%) და GDS-მა (15%) გააშუქეს, ყველაზე დაბალით - რუსთავი 2-მა (5%);

გამოკვლევის ავტორების ინფორმაციით, ყველაზე პოზიტიურად ქართული ოცნება კვლავ მაესტროზე (26%), GDS-ზე (20%) და იმედზე (19%) გაშუქდა, ყველაზე ნეგატიურად კი - რუსთავი 2-ზე (36%).

MDF-ის ინფორმაციით, მმართველ პარტიას ყველაზე ნაკლები ნეგატიური ტონი GDS-სა (6%) და საზოგადოებრივ მაუწყებელზე (6%) თანაბრად ჰქონდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი ყველაზე მაღალი პოზიტიური ტონი რუსთავი 2-ზე (9%) გამოიკვეთა, ყველაზე ნეგატიური კი - GDS-სა (34%) და ობიექტივზე (33%).

რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებას, მათდამი კრიტიკული მიდგომის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ტელეკომპანია მაესტროზე გამოიკვეთა (18%), ხოლო ყველაზე მაღალი - რუსთავი 2-ზე (51%).

ტელემედიის თვისობრივი კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტები ზოგადად იცავენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, თუმცა ტელეკომპანიათა უმეტესობაში, მედიამონიტორებმა მეტ-ნაკლები მოცულობით ბალანსის დარღვევისა და არასრულფასოვანი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები გამოავლინეს.

ფოტო: MDF