ბათუმში, კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ექსტრადირების მოთხოვნით აქციის მონაწილეები სარფისკენ მიემართებოდნენ, სადაც გამშვები პუნქტის გადაკეტვა ჰქონდათ დაგეგმილი.

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, დაპირისპირება ახალსოფლის ტერიტორიაზე მოხდა სადაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. პოლიციის მოწოდების მიუხედავად ისინი გზიდან გადასვლას არ აპირებდნენ რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ ბათუმში პროკურატურასთან გადაინაცვლონ. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ლავასოღლის ექსტრადირების კონკრეტული რიცხვი არ ეცოდინებათ.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, 3 ივნისს აქციის 4-მა მონაწილემ პირი ამოიკერა, ხოლო ჯამში 15 ადამიანი შიმშილობას აგრძელებს.

თურქმა სამართალდამცველებმა ლავას ოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

ადვოკატის ინფორმაციით, დაპატიმრების ვადა ლავასოღლის თურქეთში 28 თებერვალს ამოიწურა და ის საქართველოში უნდა გადმოეყვანათ. მისივე განმარტებით, ლავას ოღლი 28 თებერვალს გაათავისუფლეს და სადეპორტო სივრცეში გადაიყვანეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა წაეყვანა, თუმცა 29 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს და ციხეში დააბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სამართალდამცავის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.