პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გიორგი რურუას განთავისუფლებაზე ოპოზიციის ულტიმატუმს პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლებას "მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია აქვს. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 5 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხშია. [ ...] მე ასე არ ვიცვლი პოზიციებს. ყველა სახის საუბარი, ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის საქართველოს მართლმსაჯულებაში პირდაპირი ჩარევა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან, ამ ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

მართლა ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები არის ის ხარისხობრივი ცვლილება. ის მისცემს შესაძლებლობას, პოლიტიკური კულტურა ისე განვითარდეს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ, ქვეყნის სხვა სფეროებშიც ელიტები შეიცვალოს. პროპორციული არჩევნები მეტ ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, გამოჩნდნენ პოლიტიკაში. ამ ფასეულობებთან, ვინ როგორ გადაწყვეტილებას დააფიქსირებს, მათი გადასაწყვეტია. პირდაპირი ტესტი იქნება ეს".

გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია მოითხოვს. ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და მისი გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

გიორგი რურუას გათავისუფლების მოწოდებებს მმართველ პარტიას უგზავნიან ევროპარლამენტიდანაც. ისინი აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს.