პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სწრაფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები და მთავრობა ეცდება, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას კომერციული ინტერესი უპოვონ. ამ თემაზე გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს, ვუპოვოთ ამ შენობას თუ გამოვლინდება რაიმე კომერციული ინტერესი. პანდემიამდე იყო რამდენიმე შემოთავაზება საკმაოდ ეფექტური. საპოლიციო ჰაბამდე სანამ მივალთ, ეს პროექტი უკვე არსებობს, მაგრამ ამ პროექტს თავისი დაფინანსება სჭირდებოდა, ნაწილობრივ ეს რესურსები მოსაძებნია, ჰაბიც განიხილება საპოლიციო, მაგრამ პირველი ნაბიჯი ყველაზე ლოგიკური რაც იქნება ამ შენობის გატენდერებაა", — თქვა გიორგი გახარიამ.

2018 წელს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების ცენტრის ანალოგის განთავსებას გეგმავდა. პრეზიდენტის აზრით კი, შენობაში საკონფერენციო ცენტრი უნდა მოწყობილიყო.