ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია და შეიარაღებული კაცი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში სახლში იყო ჩაკეტილი, პოლიციას ჩაბარდა. ამაზე საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კაცმა მოლაპარაკებების შედეგად დატოვა სახლი და ჩაბარდათ:

"ამ ეტაპზე მას უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. არავინ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, ეს პირი ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში იყო, ჩვენ მასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით".

ფოტო: On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

მანამდე, ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა, დავით ცინცქილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაცს სახლში სანადირო თოფი ჰქონდა და ნასვამ მდგომარეობაში შვილებთან მიმართებით "არაადეკვატურად იქცეოდა". პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, სახლში ჩაკეტილ კაცს არავის მიმართულებით არ უსვრია, იგი უმისამართოდ ისროდა.

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა შეიარაღებული კაცის სახლიდან გამოყვანას. ადგილზე კი მობილიზებული ჰყავდათ ჯავშანმანქანები, სპეცნაზი და ტერიტორია შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით.