პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, ჯარისკაცებს ხარისხიანი ფეხსაცმელები აცვიათ. როგორც ის ამბობს, ბოლო შეხვედრაზე ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ სამხედრო ფეხსაცმელებში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც "ბოტასებში".

ასე გამოეხმაურა გახარია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის უხარისხო ფეხსაცმელები შეიძინა.

"ხო არ შეიძლება ყველაფრისგან რაღაცა ისტორიის შექმნა. რეალურად, საქართველოს ჯარს, დღეს აცვია ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც აცვია გერმანიის, აშშ-ს ჯარს, ზუსტად იგივე ხარისხის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას ვაკონტროლებთ, ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ისეთი მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება, რომელიც მინისტრმა გააკეთა. ბოლოს რომ ვიყავი ვაზიანში 26 მაისს, ვესაუბრე ჯარისკაცებს და აღფრთოვანებულები იყვნენ ფეხსაცმელებით. რა მითხრეს იცი? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოტასები მაცვიაო. ეს ხალხი იყო კმაყოფილი და ბედნიერი და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. რიგითები, რომ ასე გრძნობენ თავს, ამის გამო მინისტრს მადლობას ვეტყვი", — განაცხადა გახარიამ.