პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქართველებს საქართველოში დასვენება და შიდატურიზმში ფულის დახარჯვა უნდა ასწავლონ. ამის შესახებ მან ტურიზმის გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება.

"პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდატურიზმი და შიდატურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. დღეს ფაქტია, რომ ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია ძაან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ საქართველოში დაისვენონ და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან... ეს არა. ესეც ტურიზმია, შიდატურიზმია და უნდა ვიცოდეთ, რომ აქაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა დავაკმაყოფილოთ რაღაც სტანდარტები და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ, იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ", — განაცხადა გახარიამ.

15 ივნისიდან საქართველოში შიდატურიზმის გახსნა იგეგმება. ხოლო პირველი ივლისიდან მთავრობა გეგმას, რომ საერთაშორისო ტურისტები მიიღოს და მათ უსაფრთხო სივრცე შესთავაზოს.