აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის აზრით, ტელევიზიასთან აქციის მონაწილეები და მოშიმშილეები პოლიტიკურ დაკვეთას ახორიცელებენ. ამ თემაზე საკადრო ბაზის განვითარების უფროსმა, ემზარ პაქსაძემ ადმინისტრაციის სახელით განცხადება გააკეთა.

"ბოლო დღეებში ხშირია კანონმდებლობის დარღვევა და ადგილი აქვს მოშიმშილეებისა, თუ აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და ჩარევას მაუწყებლის ფუნქციებში. ზეწოლას თანამშრომლებზე და მთლიანად მაუწყებელზე, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ დღეს ის პირები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში წარმოგვიდგნენ, როგორც ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც უყვართ აჭარა, რომლებსაც თითქოს აინტერესებთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი, ახორციელებენ პოლიტიკურ დაკვეთებს", — თქვა ემზარ პაქსაძემ.

მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსმა ბრიფინგზე შესაბამის მტკიცებულებებად დაასახელა ის, რომ აქციის ორივე მონაწილე პირი მისი თქმით მაჟორიტარობის კანდიდატები იყვენენ, აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს და იყვნენ პარტიის შემწირველები.

"მოშიმშილე პირი, ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა კენჭს იყრიდნენ სხვადასხვა პერიოდებში. ალექსანდრე მილორავამ "ევროპულ საქართველოს" 2017 წლის არჩევნებზე თანხა შესწირა. როცა ჩვენს თანამშრომლებს "ჩამოსულებს" ეძახდნენ, თვითონ ალექსანდრე მილორავა თბილისშია რეგისტრირებული", — აღნიშნა მან.

ემზარ პაქსაძის განცხადება აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მე მიყვარს ბათუმის აქტივისტი, ალექსანდრე მილორავა მერვე დღეა შიმშილობს. ის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს და გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას ითხოვს.