ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ბერას TikTok ვიდეოში გამოჩენის შემდეგ, პირველად, Facebook-ზე გამოჩნდა და მსახიობ კახი კავსაძეს დაბადების დღე მიულოცა. კახი კავსაძე დღეს 85 წლის გახდა. ივანიშვილის მილოცვას ქართული ოცნების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია — კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ ერთგული კაცი. კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს — კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს", — წერია მისალოც ტექსტში.

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას მედია თავდაპირველად თებერვლის შემდეგ ელოდა. აპრილში ის საზოგადოებამ ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იხილა. ვიდეო, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი შვილთან ერთად "საფირმო ხელის ჩამორთმევას" გვიზიარებდა, ფეისბუქის მთავარ თემად იქცა. ვიდეოს კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ოპოზიციაშიც, რასაც მმართველმა გუნდმა "უკადრებლის კადრება" უწოდა. მოგვიანებით კი ქართულმა ოცნებამ, იმის დასამტკიცებლად, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერთობა, ვრცელი განმარტება და განრიგი გაავრცელა.