რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებამ, რომ თბილისის 8 ოლქიდან მხოლოდ 2-ში ეყოლებათ მაჟორიტარი კანდიდატები, კონკურენტუნარიან ოპოზიციონერ მაჟორიტარებზე შეთანხმების საუკეთესო პირობები შექმნა.

ბერძენიშვილმა თბილისში 8 ოლქის განაწილების თავისი ვერსიაც დაასახელა — 2 მაჟორიტარი ნაციონალური მოძრაობიდან, 2 ევროპული საქართველოდან, 2 ლელოდან და ალეკო ელისაშვილი და შალვა ნათელაშვილი.

"წუხელ თბილისში კონკურენტუნარიან ოპოზიციონერ მაჟორიტარებზე შეთანხმების საუკეთესო პირობები შეიქმნა: ნაციონალები 2 ოლქით შემოიფარგლნენ( არავინ ეცილებოდა 3 ოლქს), რითიც გაზარდეს ლელოს და ალეკო ელისაშვილის საერთოოპოზიციურ რვიანში ყოფნის შესაძლებლობა.

ლელოს ლიდერთა გუშინდელი განცხადებებიც დამაიმედებელია...როგორც ჩანს, ისინიც მზად არიან, თბილისში შეთანხებულ მაჟორიტართა სისტემაში სრულფასოვნად შევიდნენ.თითოეული პარტიის მთავარი, კონკურენტუნარიანი, არაკონფრონტაციული ფიგურებით დაკომპლექტებული.
"ჩემი გუნდი" ასე გამოიყურება ამჟამად: ორი ნაცი, ორი ლელო, ორი ევსაქი, ალეკო და შალვა.

ეს ხუთპარტიული, სოლიდური, ერთმანეთთან თავსებადი კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი ნამდვილად იქნებოდა სხვადასხვა ფლანგის ოპოზიციური რვიანი.

P.S. ნაცებს გლდანს და სამგორს არც არავინ ეცილება. დანარჩენი ექვსი სხვანაირადაც შეიძლება დალაგდეს, ცხადია. მე მხოლოდ ჩემი ვერსია გავაჟღერე..თუ გნებავთ, ჩათვალეთ, რომ ასე მოკრძალებულად შევთავაზე განსახილველად დიალოგში მონაწილეობის მსურველ პარტიებს", — წერს ბერძენიშვილი.

4 ივნისს ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს.

საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.

ამავე თემაზე: