დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად საკუთარ თავს არ განიხილავს. ამ თემაზე კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტიებმა საკუთარ გადაწყვეტილებებზე თავად უნდა ისაუბრონ.

"ალბათ საზოგადოებისთვის ოპოზიციაში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესები ცოტა დამაბნეველია და ალბათ საზოგადოებაც ელოდება, რომ უფრო მეტი სიცხადე იქნება იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რა სტრატეგიაც ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არ ვაპირებ საკუთარი თავი განვიხილო მაჟორიტარულ კანდიდატად", — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

4 ივნისს ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს.

საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.

ამავე თემაზე: