ჩვეულებრივ გარემო-პირობებში, განსაკუთრებით კი ზაფხულის მოახლოებისას, თავისუფალი დროის ნაწილს, ალბათ, ბევრი თქვენგანი საცურაო აუზში გაატარებდა და მშვიდად ინებივრებდა გრილ წყალში.

თუმცა ახლა ასეთ მარტივ აქტივობებსაც კი დაკარგული აქვს სიმშვიდის მომტანი შეგრძნება: რამდენად უსაფრთხოა საცურაო აუზები COVID-19-ის ეპოქაში?

ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით.

შესაძლებელია თუ არა, რომ აუზში კორონავირუსით დაინფიცირდე?

თავიდანვე კარგი ამბით შეგვიძლია დავიწყოთ და გითხრათ, რომ ღია სივრცეებში კორონავირუსის გავრცელების გაცილებით დაბალია ალბათობაა, ვიდრე დახურულ შენობებში. ასე რომ, თუ ღია აუზზე აპირებთ ბანაობას, მაშინ ნაკლებადაც შეგიძლიათ ინერვიულოთ.

ასევე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ჯერჯერობით არ ფიქსირდება იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი აუზის წყლით ვრცელდება და ვინმე ამ გზით დაინფიცირდა.

კლავს თუ არა ქლორი კორონავირუსს?

თუ იმ აუზში აპირებთ ბანაობას, რომელშიც წყლის დეზინფექცია ქლორის შემცველი პრეპარატებით ხდება, ვირუსის იქ არსებობის კიდევ უფრო ნაკლები შანსია.

"კორონავირუსი ქლორის შემცველ წყალში ნადგურდება", — ამბობს ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ამეშ ადალია.

ამის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი საფრთხე: კორონავირუსი რესპირატორული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პირიდან და ცხვირიდან გამოყოფილი წვეთებით ვრცელდება ჰაერში.

შესაბამისად, ნებისმიერ ადგილას, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა გვიწევს და ჩვენს სიახლოვეს სხვები საუბრობენ, ახველებენ ან აცემინებენ, ინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს.

ექსპერტ ამეშ ადალიას თქმით, საცურაო აუზებში რისკი არა წყალში ყოფნისას, არამედ აუზიდან ამოსვლისას უფროა: "იქ შეიძლება ადამიანების ჯგუფურად თავყრილობამ და საერთო ზედაპირებზე შეხებამ (მაგალითად, გამოსაცვლელ ოთახში) ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას.

უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღონ საცურაო აუზების მეპატრონეებმა/წარმომადგენლებმა?

უკვე არაერთი ოფიციალური რეკომენდაცია გაიცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოება საჯარო აუზებში. მითითებებში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ასეთი სივრცეები აღჭურვილი იყოს ისეთი ჰიგიენური საშუალებებით, როგორებიცაა საპონი, ხელების სადეზინფექციო ხსნარები და სანაგვე ურნები, რომელთანაც ხელის შეხება არ უწევთ ადამიანებს.

ასევე ისეთი საერთო საგნები, როგორებიცააა სავარძლები თუ ტივტივები, ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარებით. ამავდროულად კი რეკომენდირებულია, რომ გამოიყენონ ვიზუალური მინიშნებები როგორც წყალში, ისე ყველგან, რათა ერთმანეთთან დისტანციის დაცვა ყველას გაუმარტივდეს.

ფოტო: ara Jacoby / The Washington Post

საბოლოოდ, რამდენად უსაფრთხოა საცურაო აუზები?

მთავარი პრობლემა ისაა, რომ არასდროს იცი, თუ რამდენ ადამიანთან მოგიწევს ახლო კონტაქტი უნებურად მსგავსი აქტივობების დროს და მათგან რამდენია COVID-19-ით ინფიცირებული, რადგან ვირუსი ძირითადად სწორედ სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება.

ასევე მნიშვნელოვანია, სად მიდიხართ საცურაოდ: სპორტულ აუზში, ოჯახის პირად სივრცეში თუ სამეზობლოს მიერ გაზიარებულ ერთ სივრცეში. ოფიციალური რჩევები და რეკომენდაციები ბოლომდე მაინც ვერ დაგვიცავს რისკებისგან და უმეტესად მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ უსაფრთხოების შენარჩუნებას.

ეს რისკები კი კიდევ უფრო სხვადასხვაა ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით: კორონავირუსი განსაკუთრებულად მძიმედ მოქმედებს ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე. შესაბამისად, ბევრი რამ სწორედ პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

"მართალია, კარანტინის შეზღუდვები შემცირდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრა და საფრთხეს აღარ წარმოადგენს: ყველა ჩვენი აქტივობა ვაქცინის შექმნამდე კვლავ საფრთხის შემცველი იქნება", — ამბობს ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ამეშ ადალია.