კალმარებს განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ, მათ არამხოლოდ კანის ფერის შეცვლა, არამედ საკუთარი თავის გარკვეული ნაწილების უჩინრად გადაქცევაც შეუძლიათ. ახლახან ჩატარებული კვლევის ფარგლებში კი მკვლევართა გუნდმა ეს უნარი ადამიანის უჯრედებზე გამოსცადა.

თუმცა კალმარები ერთადერთი ცხოველები არ არიან, რომლებსაც მსგავსი უნარი აქვთ. მაგალითად, მფრინავი ხვლიკები საკუთარი კანის გამჭვირვალობას ყურადღების მისაქცევად იყენებენ, კალმარები კი ამ უნარს არასასურველი ყურადღების თავიდან ასაცილებლად მოიხმარენ.

სახეობის მდედრ წარმომადგენლებს საკუთარი შუქგაუმტარი თეთრი ზოლების თითქმის გამჭვირვალედ გარდაქმნა შეუძლიათ. ისინი ამას სპეციალური უჯრედების, ლეიკოფორების დახმარებით ახერხებენ, რომლებსაც სპეციალური ამრეკლავი ცილებისგან დამზადებული ნაწილაკები გააჩნიათ. სწორედ ეს ცილები არიან პასუხისმგებლები მათ გამჭვირივალობაზე.

მათ გარშემო სინათლის გადაცემა კი ამ ცილების განლაგებაზეა დამოკიდებული. ეს პროცესი შემთხვევითი სულაც არ არის — კალმარებს საკუთარ უჯრედებში ამრეკლავი ცილების განლაგების შეცვლა აცეტილქოლინის მეშვეობით შეუძლიათ.

იმისთვის, რომ ეს პროცესი ადამიანი ქსოვილშიც წარმართულიყო, მკვლევრებმა ადამიანის თირკმელების უჯრედები გენეტიკურად შეცვალეს, რათა მათ ამრეკლავი ცილები წარმოექმნათ.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცილები შეცვლილ უჯრედებში სინათლის გაბნევას ცვლიდა. შემდეგ ისინი უჯრედების ნატრიუმის ქლორიდის განსხვავებულ დონესთან ურთიერთქმედებას დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ მარილი ცილის ნაწილაკებს ზომაში ზრდის და მათ განლაგებას ცვლის. რაც უფრო მეტია მარილი, სინათლეც მეტად იფანტება და უჯრედებიც უფრო გაუმჭვირვალეები ხდებიან.

მიღწევა მკვლევრებს სამომავლოდ სხვა ექსპერიმენტების ჩატარებაში დაეხმარებათ, მაგალითად, შესაძლოა, მათ მეთოდი მთლიან ცოცხალ ქსოვილზე გამოსცადონ.

"ჩვენი მიგნებები, შესაძლოა, ბიოლოგიისა და ბიოინჟინერიის დარგებს სხვადასხვა აღმოჩენის გაკეთებაში დაეხმაროს", — აცხადებს მკვლევართა გუნდი.

კვლევა ორ ივნისს, ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.