Facebook-ის განცხადებით, სახელმწიფო მედიასაშუალებების პოსტებს, რეკლამებსა და გვერდებს სპეციალურ ნიშანს გააკეთებს. CNN-ის ინფორმაციით, ნიშნები გაუჩნდება ისეთ სახელისუფლებო გამოცემებს, როგორიცაა რუსული Russia Today და ჩინური Xinhua.

აშშ-ში მომხმარებლები სპეციალურ ნიშნებს უკვე შემდეგი კვირიდან დაინახავენ, ეტაპობრივად კი ეს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.

როგორც CNN-ი Facebook-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი, ნატანიელ გლეიხერმა განაცხადა, ამით მომხმარებლებს საშუალება ექნებათ უფრო მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ საიდან მოდის ინფორმაცია.

"თუ თქვენ პროტესტის გაშუქების შესახებ კითხულობთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, ვინ აშუქებს ამას და რა მოტივაცია აქვთ მათ. ამის მიზანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს ვინ დგას ამის უკან", — განაცხადა მან.

ფოტო: Facebook

Facebook-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო ზაფხულში სახელმწიფო გამოცემებს აშშ-ში რეკლამის განთავსების საშუალება აღარ ექნებათ. მისივე თქმით, სხვაგან რეკლამების დაბლოკვა არ იგეგმება, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ სახელმწიფო მედია მუშაობს.

როგორც გლეიხერი ამბობს, სახელმწიფო მედიისთვის ნიშნის გასაკეთებლად მათ ექსპერტებთან ერთად სპეციალური კრიტერიუმები შეიმუშავეს. ამ კრიტერიუმებში შედის ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები, სარედაქციო გამჭვირვალობა, საკუთრების სტრუქტურა და მართვა და ა.შ. ამავე დროს, ორგანიზაცია შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებოდეს, მაგრამ დამოუკიდებელი იყოს. ამასთან, ორგანიზაციებს თავიანთი ნიშნების გასაჩივრება შეეძლებათ.

სპეციალური ნიშნების გაკეთებაზე Facebook-მა საუბარი ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. ბოლო პერიოდში კი რუსული და ჩინური სახელმწიფო მედიები განსაკუთრებით გააქტიურდნენ კორონავირუსის პანდემიისა და ჯორჯ ფლოიდის ამბის გარშემო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მედიასაშუალებები, განსაკუთრებით ჩინეთში, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები მხარდაჭერას უცხადებენ ჰონგ-კონგელ აქტივისტებს, თუმცა აშშ-ში მიმდინარე პროტესტს აკრიტიკებენ.