ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმას, გრიგოლ აბრალავას, რომელსაც პოლიციის მიმართ ჯგუფურ ფიზიკურ წინააღმდეგობას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობაში რჩება მეორე დაკავებულიც.

პროკურატურის ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც აბრალავა და მეორე დაკავებული, ნ.თ. ისხდნენ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შემდეგ გააჩერეს.

"ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს — ი.კ-ს და ზ.მ-ს. ნ.თ-ს და გ.ა-ს მიერ განხორციელებული ქმედებით ი.კ-ს და ზ.მ-ს არ მიეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა", — აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავა და ნ.თ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.