საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ პირს დაკავებისას მოხმარებისთვის უვარგისი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა აღარ შეეფარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციომ "ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე გამოიტანა.

სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე და იურისტი გიორგი მახარაძე იცავდნენ.

როგორც გიორგი გოცირიძემ On.ge-ს განუმარტა, ეს გადაწყვეტილება ეხება არა მარტო ერთ კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მოსახმარად არის უვარგისი.

"პრობლემა იყო ის, რომ ადამიანი როდესაც მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, რაც ჭურჭელში რჩებოდა, მოუხმარებელი ნაწილი, მაგალითად, რაც თვალისთვის უხილავი იყო, იმის შენახვის შემთხვევაში ადამიანს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ეკისრებოდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეს სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლომ არაპროპორციულად სცნო. ვინაიდან, არ შეიძლება ადამიანს დაეკისროს იმ ოდენობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და სასჯელი, რაც მოსახმარად არის უვარგისი", — განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციოს ნარტკოტიკული საშუალების კონრეტული რაოდენობა არ განუსაზღვრავს და ყოველ კონრეტულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებმა უნდა განსაზღვრონ რა არის ვარგისი მოსახმარად.

"რაოდენობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციომ თქვა ასეთი რაღაც, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველ კონრეტულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებმა უნდა განსაზღვრონ რა არის ვარგისი მოსახმარად. ამისთვის, ალბათ, სასამართლოს ნარკოლოგების დასკვნა დასჭირდება", — განაცხადა გოცირიძემ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე იმ ადამიანსაც, ვინც უკვე სასჯელს იხდის ან პირობითი მსჯავრი აქვს, შეუძლია განაჩენის გადასინჯვისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

"ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ახლადგამოვლენილი გარემოება, რაც განაჩენის გადასინჯვის საფუძველია. შესაბამისად, ის ადამიანი, ვინც სასჯელს იხდის ან პირობითი მსჯავრი აქვს, მას შეუძლია, მიმართოს თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმისთვის, რომ მათ მიმართ დამდგარი განაჩენი გადაისინჯოს", — განაცხადა გოცირიძემ.