ედგარ დეგას წერილების სრულ კრებულში, რომელიც ხელმისაწვდომი 15 ივნისიდან გახდება, ათი ისეთი წერილია შესული, სადაც ძმები ვან გოგები არიან მოხსენიებულნი. მათგან შვიდ ჩანაწერში დეგა თეო ვან გოგს საკუთარი ნამუშევრებისთვის თანხის გადახდას სთხოვს. თეო, ვინსენტის ძმა და გალერიის, Boussod & Valadon-ის მონმარტზე არსებული ფილიალის მენეჯერი, ერთ-ერთი პირველი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე იყო, ვინც დეგას ნამუშევრებით დაინტერესდა.

ამ თემაზე დეგას ტიპურ შეტყობინებაში, რომელიც თავისივე სავიზიტო ბარათზე გაკვრით აქვს მიწერილი, ვკითხულობთ: "გამოიჩინეთ გულკეთილობა და ხვალ დილისთვის გამომიგზავნეთ ფული, მშრალზე ვარ დარჩენილი..."

ედგარ დეგას სავიზიტო ბარათი ზედ თეო ვან გოგისთვის განკუთვნილი მინაწერით, რომელშიც ნათქვამია, რომ დეგა "მშრალზეა დარჩენილი" (სავარაუდო თარიღი, 1887 წელი).

ფოტო: Van Gogh Museum

1887 წლის 10 აგვისტოს დეგამ თეოს გალერეაში თანხის ასაღებად მოსამსახურე გაგზავნა: "გაიღეთ გულმოწყალება და ჩემს მოახლეს 1,500 ფრანკი გადაეცით", — ვკითხულობთ წერილში. იმის ხაზგასასმელად, რომ იგი გულმოდგინედ მუშაობდა, დეგა დასძენს: "ხვალ დილით მოდელი მეყოლება, ვის შიშველ სხეულსაც გამოვსახავ (ის ზურგით იჯდება ფეხებგადაჯვარედინებული). და თუკი დასრულებას მოვასწრებ, ორშაბათს უკვე გამოგზავნილი მექნება თქვენთვის ნამუშევარი".

იმავე წელს თეოს მიერ დეგასგან შეძენილ ნახატებს შორის იყო 1865 წლით დათარიღებული ნამუშევარი, ყვავილებიანი ლარნაკის გვერდით მჯდომი ქალი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

ედგარ დეგას ყვავილებიანი ლარნაკის გვერდით მჯდომი ქალი.

ფოტო: Metropolitan Museum of Art, New York

აღსანიშნავია, რომ ძმები ვან გოგები დეგას დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ. 1886 წელს, თეოსთან საცხოვრებლად გადასვლიდან სამი თვის თავზე, ვინსენტმა თავის მეგობარს, ჰორას ლივენსს პარიზში აღმოჩენილი თანამედროვე ხელოვნების შესახებ ინგლისურად მისწერა: "მართალია, ამ მიმდინარეობის წევრი არ ვარ, მაგრამ მაინც დიდად მოვინუსხე ზოგიერთი იმპრესიონისტული სურათით — კერძოდ, დეგას მიერ გამოსახული შიშველი სხეულებით და კლოდ მონეს პეიზაჟებით". სავარაუდოდ, ვინსენტი 1886 წლის გაზაფხულზე იმპრესიონისტების მერვე (და ბოლო) გამოფენაზე იმყოფებოდა, რომელზეც, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დეგას 1885 წლის ნამუშევარი, ახალგაზრდა ქალი იმოსება, იყო წარდგენილი.

ედგარ დეგას ახალგაზრდა ქალი იმოსება (1885 წელი).

ფოტო: National Gallery of Art, Washington, DC

მოგვიანებით ვინსენტმა დაწერა თავისი მოსაზრება, თუ როგორ გამოსახავდა დეგა ქალის შიშველ სხეულს ასე ზედმიწევნით. მისი თქმით, ამ მხრივ მხატვრის წარმატების მიზეზი ის იყო, რომ დეგას ქალებისადმი სექსუალური ინტერესი არ ჰქონდა. ვინსენტმა ემილ ბერნარისადმი მიწერილ წერილში ეს აზრი მოურიდებელი პირდაპირობით გადმოსცა: "დეგას ქალები არ მოსწონს, რადგან იცის, რომ მათი მოწონება და მათთან ხშირი სექსი გონებრივად დაავადებდა და მხატვრობაში ხელმოცარულს გახდიდა".

1889 წლის იანვარს, მაშინ, როდესაც ვინსენტი საკუთარი ყურის დასახიჩრების შემდეგ ქალაქ არლის საავადმყოფოში დააწვინეს, მან თეოს მისწერა, რომ "საზარელ ტანჯვას" განიცდიდა, თუმცა ასეთ დროსაც კი "დეგაზე ეფიქრებოდა".

ამ პერიოდისთვის თეო დეგას საზოგადოებრივი თავყრილობებიდან უკეთ იცნობდა და 1890 წლის თებერვალში თავისი და, ვილი წაიყვანა მხატვართან შესახვედრად. დეგამ ვილს განუცხადა, რომ იგი ძველი ჰოლანდიელი ოსტატების ნახატებზე აღბეჭდილ პერსონაჟებს აგონებდა. ამის შემდეგ კი სიამაყით წარუდგინა მას თავისი რამდენიმე ნახატი. მოგვიანებით თეომ აღნიშნა, რომ ვილი "ნიუ ჟანრში შესრულებული ნამუშევრების არსს ძალიან კარგად ჩაწვდა".

წიგნის, ედგარ დეგას წერილები, გარეკანი. თეოდორ რეფის რედაქტირებით შედგენილი კრებული 15 ივნისს გამოიცემა.

ფოტო: Wildenstein Plattner Institute

1890 წელს ვინსენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომდევნო იანვარს კი თეო სიფილისით გარდაიცვალა. ამის შემდეგ დეგამ Boussod & Valadon-ის ფინანსური მხარდაჭერა დაკარგა, რამაც თავდაპირველად კი აანერვიულა, თუმცა მომდევნო რამდენიმე წელში მან კომერციული თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიაღწია.

უნდა ითქვას, რომ დეგაც, თავის მხრივ, თავიდანვე იყო ვინსენტის შემოქმედების თაყვანისმცემელი და მისი ზოგიერთი ნახატიც კი შეიძინა. დეგას მეგობრის, დენიელ ჰელივის ჩანაწერების თანახმად, ხელოვანისთვის კოლექციონერობა ერთგვარ აკვიატებად იქცა. ერთხელ, 1895 წელს, დეგას საკუთარ სახლში წამოუძახია: "აქ არის ჩემი ვან გოგი და ჩემი სეზანი! ვყიდულობ! ვყიდულობ! თავს ვეღარ ვაკონტროლებ".

იმ წელს დეგამ 1887 წლით დათარიღებული ვან გოგის პარიზული ნახატი, ორი მოწყვეტილი მზესუმზირა, შეიძინა, რომელიც ამჟამად ბერნის სამხატვრო მუზეუმში ინახება. დეგამ ეს ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ემბროუს ვოლარდისგან თავისი მოცეკვავის ორი ესკიზის სანაცვლოდ მიიღო.

ვინსენტ ვან გოგის ორი მოწყვეტილი მზესუმზირა (1887 წელი).

ფოტო: Kunstmuseum Bern

დაახლოებით ამავე პერიოდში დეგამ შეიძინა ნატურმორტი, ყურძნები, ლიმონები, მსხლები და ვაშლები, რომელიც დღეს ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში ინახება. ამასთან, იგი ფლობდა ვან გოგის ადრინდელ ნახატს, გლეხი ქალი აგროვებს თავთავს, რომელიც ამჟამად კერძო კოლექციაში ინახება.

ვინსენტ ვან გოგის ნატურმორტი, ყურძნები, ლიმონები, მსხლები და ვაშლები (1887 წელი).

ფოტო: Art Institute of Chicago

თეოდორ რეფის რედაქტირებული ედგარ დეგას წერილების სამტომიანი კრებული 1,251 ორიგინალ, ფრანგულ ენაზე შესრულებულ წერილს, მათ ინგლისურენოვან თარგმანს და თანდართულ შენიშვნებს აერთიანებს. აქ თავმოყრილი მიმოწერების მეოთხედი აქამდე არასოდეს გამოქვეყნებულა.