ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან ონლაინშეხვედრა გამართა და მას საქართველოში არსებული ვითარება გააცნო. როგორც თურნავა ამბობს, იმედი აქვს, რომ გერმანელი ტურისტები იქნებიან იმ საერთაშორისო მოგზაურთა შორის, რომლებიც საქართველოს პირველები ესტუმრებიან.

მისივე განმარტებით, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებების გარდა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები განიხილეს.

"გერმანია ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერია ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ტურისტები იქნებიან იმ საერთაშორისო მოგზაურთა შორის, რომლებიც პირველები ესტუმრებიან საქართველოს. ჩვენ გერმანულ მხარეს გავაცანით საქართველოში არსებული ვითარება და ვუთხარით, რომ მზად ვართ, პირველი ივლისიდან პირველ საერთაშორისო სტუმრებს ვუმასპინძლოთ", — განაცხადა თურნავამ.

თურნავას ინფორმაციით, ამ დღეებში ევროკავშირში მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა საერთო მიდგომა, წესები და პროტოკოლები ექნებათ ევროპულ ქვეყნებს ტურიზმის დაწყების თვალსაზრისით.

"დარწმუნებული ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული და სტანდარტი - დადგენილი, საქართველო მათ ყველას უკვე პასუხობს. ჩვენ წინმსწრებად მივიღეთ გამოცდილება, როგორ დავიცვათ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაში უსაფრთხოების სტანდარტები და გამომდინარე აქედან, ერთ-ერთი უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილი ვართ", —განაცხადა ნათია თურნავამ.

15 ივნისიდან საქართველოში შიდატურიზმის გახსნა იგეგმება. ხოლო პირველი ივლისიდან მთავრობა გეგმას, რომ საერთაშორისო ტურისტები მიიღოს და მათ უსაფრთხო სივრცე შესთავაზოს.