საცხოვრებელი, ტანსაცმელი, ტექნოლოგია და დასვენება — ყველაფერი ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. მაშინ, როცა ბუნება წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს, ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მის ეკოლოგიურ ბიომრავალფეროვნებაზე, რაც თავის მხრივ, ჩვენს კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე მოქმედებს.

შემდეგი ათი წელი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის კლიმატის და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირში ამბობენ, რომ ერთად უნდა დავიწყოთ წარსული შეცდომების შედეგების გამოსწორება, რამაც ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვა, ნიადაგის ეროზია, უკანონო ტყის ჩეხვა, ჰაერისა და მდინარეების დაბინძურება და სხვა უარყოფითი შედეგები გამოიწვია. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა, რათა გარემო დავიცვათ.

ინვესტიციები "მწვანე" განვითარებისთვის შეიძლება არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არამედ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც დადებითი შედეგების მომტანი გახდეს.

როგორ შეიძლება კლიმატის ცვლილებამ გავლენა მოახდინოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

ფოტო: rawpixel.com / Freepik

მოსალოდნელია, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირებით გამოწვეული და დაჩქარებული კლიმატის ცვლილება მოიმატებს და მას სულ უფრო და უფრო მძიმე შედეგები ექნება ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის.

ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ძლიერ კოკისპირულ წვიმებსა და წყალდიდობებს აქვს ადგილი, ანომალიურად მაღალი ტემპერატურა იწვევს ხანძრებს, მიმდინარეობს ნიადაგის ეროზია, ნაყოფიერების და ბიომრავალფეროვნების გაქრობა, წყლის რესურსების შემცირება, რაც გავლენას ახდენს წარმოებაზე, სოფლის მეურნეობასა და ოჯახებზე.

მხოლოდ ახლახან, უკრაინაში, ანომალური სიცხით, მშრალი და ქარიანი ამინდით გამოწვეული ხანძარი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მძვინვარებდა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში, სადაც 11,000 ჰექტარზე მეტი ტყე განადგურდა – ეს კლიმატის ცვლილების ზეგავლენის მკაფიო მაგალითია.

მომავალში მთელი ამ რეგიონის ქვეყნებში ძალზე ხშირი იქნება როგორც გვალვები (მოლდოვა ევროპაში კლიმატის მიმართ ყველაზე მოწყვლად ქვეყანად ითვლება და მისი წყლის მთლიანი ხელმისაწვდომობა საჭიროებასთან შედარებით ორიოდ ათწლეული წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდება) და წყალდიდობები (მაგალითად, აზერბაიჯანი მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წყალდიდობისკენ მიდრეკილ რეგიონში), ასევე წყლის ხარისხის გაუარესება და წყლის მარაგის შემცირების რისკი (ყინულის დნობამ მყინვარებზე საქართველოში შეიძლება გამოიწვიოს წყლის ხარისხის გაუარესება და წყალმომარაგების საფრთხეები).

ერთობლივი მოქმედება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გარემოს, ჩვენს ჯანმრთელობას და ეკონომიკას დიდ სარგებლობას მოუტანს. ჩვენი განვითარების პარადიგმის თავიდან გააზრება ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენების, ხარჯების დაზოგვის, განვითარების და დასაქმების შესაძლებლობას მოგვცემს.

არ იფიქროთ, რომ გარემოს დაცვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, დაფიქრდით იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს უმოქმედობის საფასური: პროგნოზის თანახმად, საქართველოში კლიმატით გამოწვეული საშიშროება ქვეყნისათვის შეიძლება მომავალი 10 წლის განმავლობაში 10-12 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ დანაკარგს ნიშნავდეს — ეს ათჯერ მეტია, ვიდრე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ხარჯი .

რას გულისხმობს პარიზის შეთანხმება?

ფოტო: Global Justice Now / Common Dreams

პარიზის შეთანხმება არის ისტორიაში პირველი იურიდიულად სავალდებულო განაცხადი კლიმატის გლობალური ცვლილების საკითხზე, მიღებული 2015 წლის დეკემბერში პარიზის კლიმატის კონფერენციაზე. 190-მდე ხელმომწერს შორის ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არიან.

ეს შეთანხმება განსაზღვრავს გლობალურ ჩარჩოს კლიმატის საშიში ცვლილების თავიდან ასაცილებლად შემდეგი ღონისძიებებით: გლობალური დათბობის შეზღუდვა 2°C-ს ქვემოთ, და ძალისხმევის გაწევა მისი შემდგომი შეზღუდვისთვის 1.5°C-მდე. გარდა ამისა, მისი მიზანია ქვეყნების გაძლიერება კლიმატის ცვლილების ზეგავლენასთან ბრძოლაში და მათი ძალისხმევის მხარდაჭერა.

შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ საჭიროა რაც შეიძლება მალე დაიწყოს გლობალური ემისიების შემცირება და კლიმატის ნეიტრალურობას მივაღწიოთ ამ საუკუნის მეორე ნახევარში.

ევროკავშირის მიერ დასახული მაჩვენებლების შესასრულებლად ძირითადი მექანიზმია ევროპის მწვანე შეთანხმება, რომლის მიზანია ნეიტრალური გახადოს ევროპის კლიმატი 2050 წლისთვის, ევროკავშირის ეკონომიკის მდგრადობის მიღწევით, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე.

მწვანე შეთანხმება ნათელს ხდის იმას, რომ გარემოს და კლიმატის გამოწვევები ევროკავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების გადაუდებელ ქმედებას მოითხოვს. ამიტომ ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორების მიერ პარიზის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, რაც ასევე მოიცავს კლიმატის ეროვნული გეგმების განხორციელებას (ეროვნულად განსაზღვრული წვლილი, NDC), სათბური გაზების დაბალი ემისიით განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიების (LEDS) შემუშავებას და მათი ეკონომიკის მოდერნიზაციას კლიმატის ნეიტრალურობის მიმართულებით.

ამ ვალდებულებების შესრულება მოითხოვს დაბალნახშირბადიან, რესურს-ეფექტურ ეკონომიკაზე გადასვლას, რაც ნიშნავს ფუნდამენტურ ცვლილებას ტექნოლოგიის, ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსების და მთელი საზოგადოების თვალსაზრისით.

როგორ ეხმარება ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას გარემოსდაცვით საკითხებში?

ფოტო: European Business Magazine

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ბოლო პერიოდში იზრდება. 2018-2019 წლებში სამეზობლოს საინვესტიციო პლატფორმის (NIP) საშუალებით გაცემული გრანტების ერთი მეოთხედი "მწვანე" ინვესტიციებზე იყო გათვლილი. 2014-15-სა და 2018-19-ს შორის ევროკავშირის შერეული წვლილი ამგვარ ინვესტიციებში 50% -ზე მეტად გაიზარდა, დაახლოებით 67 მილიონი ევროდან 107 მილიონ ევრომდე. მხოლოდ 2018-19 წლებში მთლიანად მწვანე ინვესტიციებისთვის რეგიონში სამეზობლოს საინვესტიციო პლატფორმით 1.3 მილიარდი ევროს გრანტები გაიცა.

გარდა ამისა, ევროკავშირმა რეგიონული პროგრამების განსახორციელებლად 60 მილიონი ევრო გასცა, რაც პოლიტიკას და ინსტიტუციებს აღმოსავლეთ პარტნიორობაში ევროპული მწვანე შეთანხმების დაცვაში ეხმარება. მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა დაახლოებით 24 მილიონ ევრომდეა. პარტნიორი ქვეყნები ასევე ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) და "თვინინგის" პროგრამებიდან იღებენ მხარდაჭერას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამებია:

EU4Environment (19.5 მილიონი ევრო ევროკავშირის დაფინანსებით) - მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარება მათი ბუნებრივი კაპიტალის დაცვასა და ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების გზით. ეს პროგრამა მხარს უჭერს პოლიტიკის და საკანონმდებლო ცვლილებებს, ეკოლოგიურ დაგეგმვას და ინვესტიციებს, ასტიმულირებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ახალი ბიზნეს-რეჟიმების დანერგვას, ასევე ხელს უწყობს "მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს გარემოს მმართველობის, ასევე დაცული ტერიტორიების და ტყის მენეჯმენტის გაუმჯობესებას და მდგრად ვაჭრობას.

EU4Climate (8 მილიონი ევრო ევროკავშირის დაფინანსებით) შემუშავებულია პარიზის კლიმატის შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად და კლიმატის პოლიტიკის და კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად; ის ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილებას და მისადმი ადაპტაციას, ასევე განვითარებას დაბალი ემისიის და კლიმატის ცვლილებისადმი გამძლე ეკონომიკის მიმართულებით.

ევროკავშირის წყლის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის (EUWI+ 4 EaP – 23.5 მილიონი ევრო ევროკავშირის დაფინანსებით) ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს მათი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაში ევროკავშირის წყლის მართვის პოლიტიკასთან, ინსტრუმენტების შემუშავებით წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე უზრუნველყოფს წყლის ხელმისაწვდომობას მოსახლეობისათვის.

გარდა ამისა, გარემო წარმოადგენს მაღალ პრიორიტეტს ქვეყნების დონეზე შემდეგ სფეროებზე ორიენტირებული ქმედებებით: ჰაერის ხარისხი, წყლის მენეჯმენტი და ზღვის დაბინძურება, ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მენეჯმენტი, პესტიციდების და სამრეწველო დაბინძურების მართვა და ტყის მდგრადი მენეჯმენტი.

ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამების გარდა, ევროპის ფინანსური ინსტიტუტები, მაგ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას დაბალნახშირბადიანი და კლიმატის ცვლილებისადმი გამძლე ეკონომიკის მხარდაჭერით და ინვესტირებით ეკოლოგიურ ინფრასტრუქტურებში. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობა (E5P) – მულტიდონორული სატრასტო ფონდი, რომლის მთავარი დონორია ევროკავშირი – მხარს უჭერს ინვესტიციებს მუნიციპალური პროექტებისთვის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიზნით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური პროექტების მხარდაჭერის ფონდი (MPSF) ახორციელებს ტექნიკურ დახმარებას ენერგოეფექტური პროექტების მომზადებისთვის, რომლებიც შემდეგ შეიძლება კრედიტების საშუალებით განხორციელდეს. ევროკავშირს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ასევე ფონდში მწვანე ზრდისთვის (GGF).

რას აკეთებს ეს პროგრამები რეალურად? არსებობს წარმატების ისტორიები?

ფოტო: warners

რა თქმა უნდა, განსაზღვრული ამოცანების და ბიუჯეტის მაჩვენებლების უკან დგას რეალური წარმატების ისტორიები — გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედება და სიცოცხლისუნარიანობის და მდგრადობის გაუმჯობესება ადგილებზე.

მაგალითად, ევროკავშირი ექვსი პარტნიორ ქვეყანას, 30 მილიონი ადამიანისთვის წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად წყლის თანამედროვე პოლიტიკის შემუშავებაში ეხმარება

ევროკავშირის დახმარებით ბელარუსმა, მოლდოვამ და საქართველომ ეროვნული მწვანე ეკონომიკის სტრატეგიების შემუშავება დაიწყეს. უკრაინა უკვე არის ორგანული მიწათმოქმედების მსოფლიოს 20 წამყვან ქვეყანას შორის; 2016 წელს მან განახორციელა 59 მილიონი ევროს ორგანული პროდუქტის ექსპორტი, რომელთაგან უმეტესობა ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით იყო სერთიფიცირებული.

100-ზე მეტმა საპილოტე მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერა რესურს-ეფექტური და უფრო სუფთა წარმოების პროგრამების განხორციელებისთვის, რის შედეგადაც 9.4 მილიონი ევრო დაიზოგა (საშუალოდ 2,000 ევროდან 20,000 ევრომდე დანაზოგი თითოეულ საწარმოზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი - 100,000 ევრო). გრძელდება საქმიანობა პროგრამის EU4Environment მხარდაჭერით.

ექვსივე პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი მონაცემების მონიტორინგი ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ეს მონაცემები ონლაინ, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) საინფორმაციო გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ბუნებრივი ტერიტორიების და ბიომრავალფეროვნების დაცვის და მათთან დაკავშირების მიზნით, ექვს პარტნიორ ქვეყანაში განსაზღვრულია ზურმუხტის ქსელის 700-მდე ობიექტი 12.8 მილიონი ჰექტარის ტერიტორიით, რაც ოთხჯერ აჭარბებს ბელგიის ფართობს.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე ინფრასტრუქტურაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ინვესტირება, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) დახმარებით სხვა საინვესტიციო პარტნიორებთან ერთად. აღნიშნულის საშუალებით უკრაინაში შესაძლებელი გახდა ინვესტიციების განცხორციელება ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივ ტრანსპორტის მიმართულებით, ახალი ტროლეიბუსები შეიყვანეს ხერსონში, მარიუპოლსა და ლვოვში, ასევე 35 მილიონი ევრო გამოიყო ნარჩენების მენეჯმენტისთვის ლვოვში.

მოლდოვაში ბალტის მოსახლეობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციით ისარგებლა, რომელიც ენერგოეფექტურ გათბობასა და ახალ ელექტროავტობუსებს მოხმარდა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებამ ხელი შეუწყო მეტროპოლიტენის რეაბილიტაციასა და საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რომელთა შორის არის საბავშვო ბაღები.

აზერბაიჯანში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით 35 ახალი ეკო-ეფექტური ავტობუსი შეიძინეს, რამაც ხელი შეუწყო წლიურად 2,853 ტონა CO2-ის შემცირებას.

ბელარუსში 300,000 ადამიანი სარგებლობს წყლის გაუმჯობესებული ხარისხით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტის და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის გრანტის დახმარებით, რომელიც გამოიყო შვიდ მუნიციპალიტეტში ნარჩენი წყლების დამუშავების დანადგარების შესაძენად.

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკმა გრძელვადიანი კრედიტი მისცა თბილისის წყალმომარაგების კომპანიას წყლის და ნარჩენი წყლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის მხარდასაჭერად, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 75 მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებს თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციისთვის.

ევროკავშირის საქმიანობა მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას, დაწყებული სამთავრობო პოლიტიკიდან, დამთავრებული დაწყებითი სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებით, რისი მაგალითებიც შემდეგნაირია:

სომხეთში ბუნებასთან დაკავშირების პროექტი მხარს უჭერს ახალი, ეკოლოგიური იდეების და გადაწყვეტების მოძიებას ერევნის გარემოსდაცვითი პრობლემებისთვის - მაგ. იმ მცენარეების და ხეების განსაზღვრას, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება გარემოს მოცემულ მდგომარეობას ქალაქის სხვადასხვა უბნებში.

აზერბაიჯანში ევროკავშირის ექსპერტებმა ფინეთიდან, ავსტრიიდან და ლატვიიდან ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 200 თანამშრომელს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარეს; "თვინინგის" პროექტმა შეიმუშავა დეტალური გეგმა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემების მოდერნიზაციისთვის, ასევე იგეგმება ჰაერის ხარისხის 25 ახალი სადგურის შეძენა.

ბელარუსში სკოლის მოსწავლეებმა სახელმწიფოთაშორისი მდინარის გაწმენდის პროექტში მონაწილეობა მიიღეს. მდინარე სტირი მიედინება ბელარუსსა და უკრაინას შორის - მათ ჩაატარეს წყლის ხარისხის ანალიზი და ისწავლეს ნიტრატების, ფოსფატების და ორგანული დამაბინძურებლების აღმოჩენა.

საქართველოში, 6.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის ფარგლებში, ბათუმში ჩატარდა წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია და აშენდა ნარჩენების დამუშავების დანადგარი; აღნიშნულის შედეგად მოსახლეობას სუფთა წყალი უწყვტად მიეწოდება და ზღვის დაბინძურების შემცირდა.

მოლდოვაში გარემოს დაბინძურების წყარო იყო სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვა. ახლა კი, ევროკავშირის დახმარებით, ნარჩენებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა ბიოსაწვავის საწარმოებლად, რომელიც 206 სკოლაში, საბავშვო ბაღში და სახელმწიფო დაწესებულებაში გამოიყენება.

2019 წელს უკრაინაში 7,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოწვევაში #EUBeachCleanup challenge; ამის შედეგად ჩატარდა გაწმენდის 234 ღონისძიება ქვეყნის ყველა ოლქში "სანაპიროს საერთაშორისო დღის" ფარგლებში, როდესაც მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მდინარეების ნაპირების გასაწმენდად იკრიბებიან. ნარჩენებით წყლის დაბინძურების პრევენციის მიზნით მათ 35.7 ტონაზე მეტი ნარჩენები შეაგროვეს და გაიტანეს.

სემინარის ფარგლებში TAIEX გარემოს დაცვის მენეჯმენტის შესახებ, პლასტმასის ნარჩენების, საზღვაო პლასტმასის ნაგვის და პლასტმასის ნარჩენებიდან ენერგიის მიღების საკითხებზე ოფიციალურმა პირებმა ყველა ქვეყნიდან რეგიონის მასშტაბით რეკომენდაციები მიიღეს. სემინარი ევროკავშირის პლასტმასის სტრატეგიის და ერთჯერადი პლასტმასების საკითხებს ეხებოდა.

როგორ გავხდე გარემოს უკეთესი დამცველი?

ფოტო: freepik

თქვენ, როგორც მოქალაქეებს, გაქვთ უფლება, პოტენციალი და მოვალეობა იმოქმედოთ გარემოს დასაცავად.

თქვენი, როგორც ამომრჩევლის და მომხმარებლის, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ არჩევანს შეუძლია ზეგავლენა იქონიიოს მთავრობის პოლიტიკის ცვლილებაზე, კომპანიების გადაწყვეტილებებსა და ინოვაციებზე.

გაითვალისწინეთ, რა ზემოქმედება აქვს თქვენს ყოველ შენაძენს გარემოზე და შეამცირეთ ეს ზემოქმედება, აირჩიეთ ადგილობრივი პროდუქტები, თავი აარიდეთ დამაბინძურებელ ნივთიერებებს და ერთჯერად პლასტმასას, ხელმეორედ გამოიყენეთ, გადაამუშავეთ, განაცალკევეთ ნარჩენები და სწორად დააკომპლექტეთ და გადაყარეთ.

დანერგეთ ენერგიის დაზოგვის მარტივი მეთოდები, როგორიცაა შუქის და აპარატურის გამორთვა, ასევე გააღეთ და დაკეტეთ ფანჯრები და დარაბები ოთახში საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

წყლის დაზოგვის მიზნით აბაზანის ნაცვლად მიიღეთ შხაპი და შეამცირეთ მისი მიღების დრო. ნუ დატოვებთ ონკანებს მოშვებულს და შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს ისინი (ტუალეტში წყლის ჟონვის გამო შესაძლოა დღეში 200 ლიტრი წყალი დაიკარგოს). მორწყეთ თქვენი მცენარეები გვიან საღამოს ან დილით ადრე, როდესაც აორთქლებით ნაკლები წყალი იკარგება.

გაუზიარეთ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, ზედმეტი გამოუყენებელი ნივთები ან საკვები თქვენი საზოგადოების წევრებს და ისარგებლეთ განახლებადი წყაროებიდან მიღებული უფრო მდგრადი სატრანსპორტო და ენერგეტიკის სერვისებით.

თუ შეგიძლიათ, იქონიეთ საკუთარი ხეხილის ბაღი და ბოსტანი (ამისთვის შეგიძლიათ, ასევე აივანზე ქოთნები გამოიყენოთ), საკვებად გამოიყენეთ ნაკლები ხორცი და უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ საკვებს, შეიძინეთ უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად დამუშავებული პროდუქტები, საყიდლებზე კი საკუთარი ჩანთები ან კონტეინერები გამოიყენეთ.

იხილეთ ევროკავშირის რჩევები კლიმატის შესახებ, სადაც სახლის, სამუშაოს, საყიდლების და ტრანსპორტის შესახებ მარტივი რეკომენდაციებია მოცემული.