სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მისი რეკომენდაციების შესრულების შეფასებისას თქვა, რომ მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურამ პარლამენტის დავალებები არ შეასრულა. დღეს, 4 ივნისს სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილავენ. რეკომენდაციები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება.

"საქართველოს პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას დაავალა, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროპორციულობის ეფექტიანი და გამჭვირვალე გამოძიება. სახალხო დამცველის წარმოამდგენლების მიერ საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გამოძიება ხარვეზებით წარიმართა, არ ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად სახალხო დამცველი ამ დავალებას შესრულებულად არ მიიჩნევს. ასევე, შეუსრულებელია დავალება, რომლითაც პარლამენეტი პროკურატურას სთხოვდა, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი შემოწმების შედეგებზე", — ამბობს ნინო ლომჯარია.