საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ცოტნე ზურაბიანმა პარლამენტში მისულ სახალხო დამცველს ჰკითხა, არის თუ არა სიძულვილის ენა, როდესაც ზიარების საიდუმლოს "კოვზის ტლეკვად" მოიხსენიებენ. ომბუდსმენს პარლამენტში ადამიანის უფლებების დარღვევაზე გაცემული რეკომენდაციების შესრულება უნდა განეხილა, ცოტნე ზურაბიანი კი დაინტერესდა, "ხომ არ ხდება ისე, რომ მართლმადიდებლების უფლებები ირღვევა".

"ცალსახაა და მე მგონი ამას ხაზგასმაც არ სჭირდება, თითოეული ჩვენგანის ვალია და მოვალეობა, რომ განურჩევლად აღმსარებლობისა და ადამიანის რწმენისა, უნდა ვიზრუნოთ თანაბრად ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაზე. როდესაც მართლმადიდებელი რელიგიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ზიარების საიდუმლოებას და ზიარების წესს "კოვზის ტლეკვად" მოიხსენიებენ, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის სიძულვილის ენა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ჩვენი ათასობით, ასი ათასობით მორწმუნე ადამიანისთვის", — მიმართა ცოტნე ზურაბიანმა სახალხო დამცველს.

მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც მრევლი სახელმწიფოს მხრიდან არაერთი შეღავათისა, თუ წახალისების ობიექტია — ეს ეხება, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებას, ასევე, კანონის გვერდის ავლას. მაგალითად, სააღდგომოდ, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფომ ეკლესიას ხალხმრავალი შეკრებებისა და კომენდანტის საათის დროს ეკლესიაში შეკრების უფლება მისცა და არავინ დაუჯარიმებია. რაც შეეხება ერთი კოვზით ზიარების საკითხს, ამის გამო ეკლესია კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, ზიარების წესი არ შეცვალა.